სტატიები

13:33 | 28.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია. 1960 და 1964 წლები

საფრანგეთი 1960

სპორტის სხვადასხვა სახეობებში ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარების იდეა ფრანგებს ეკუთვნით. სხვა რომ თავი დავანებოთ, თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღორძინების ფაქტის მოყვანაც კმარა. გამონაკლისს არც ფეხბურთი წარმოადგენს და სწორედ ფრანგების წინადადებით დაფუძნდა მსოფლიოს ჩემპიონატი თუ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ”ძველი კონტინენტის” საფეხბურთო ნაკრებთა შორის პირველობის ჩატარების იდეა კი ფიფას 1927 წლის კონგრესზე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანრი დელონემ წამოაყენა. იმ დროს ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. 1954 წელს თითქოს ტურნირის ჩატარება გადაწყდა, მაგრამ რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება იუარა და მხოლოდ 1960 წელს ჩატარდა პირველად ”ევროპის თასი”, რომელსაც დელონეს (იგი 1955 წელს გარდაიცვალა) სახელი უწოდეს. მოგვიანებით კი, 1965 წელს უეფას ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ”ევროპის თასი” კონტინენტის ჩემპიონატად ტრანსფორმირდა.
ევროპის პირველობის წინამორბედი შეჯიბრება 1958-60 წლებში გაიმართა. კონტინენტის პირველ ჩემპიონატში გამოსვლისგან თავი ისეთმა ავტორიტეტულმა ნაკრებებმა შეიკავეს, როგორებიც ინგლისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იტალია არიან, სტარტზე კი მხოლოდ 17 ეროვნული გუნდი წარსდგა. ”ევროპის თასის” პირველი მატჩი მოსკოვში, საბჭოთა კავშირის და უნგრეთის ნაკრებებს შორის შედგა. შეხვედრა სსრკ-მ 3:1 მოიგო, ერთ-ერთი გოლი კი სლავა მეტრეველის ანგარიშზეა. ორგანიზატორებმა ტურნირის ჩატარება სათასო სისტემით მოიფიქრეს და 15 ეროვნული გუნდი მერვედფინალში ”დაუშვეს”. კიდევ ერთი მერვედფინალისტი ჩეხოსლოვაკიისა და ირლანდიის ორრაუნდიანმა დაპირისპირებამ გაარკვია. დუბლინში კუნძულელებმა 2:0 კი იმარჯვეს, მაგრამ პრაღაში დასავლეთსლავებმა დამაჯერებებლი რევანში (4:0) აიღეს და ევროპის თასის მონაწილეებს შეუერთდნენ. მაშ ასე, კონტინენტის ჩემპიონატის წინამორბედ პირველ შეჯიბრებაში შემდეგი ქვეყნების ნაკრებებმა იასპარეზეს: საბჭოთა კავშირი, უნგრეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია, იუგოსლავია, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პორტუგალია, პოლონეთი, ესპანეთი, ჩეხოსლოვაკია და დანია.
პირველ ჩემპიონატს უსკანდალოდ არ ჩაუვლია. მერვედფინალში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მომდევნო ეტაპზე კენჭისყრამ ერთმანეთს საბჭოთა კავშირი და ესპანეთი შეახვედრა. წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ პირენელები მოსკოვს უნდა გაფრენილიყვნენ და საამისოდ აეროპორტშიც კი გაემგზავრნენ, მაგრამ ქვეყნის მმართველ ფრანკოსთან აუდიენციაზე მყოფმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალფონსო დე ლა პუენტემ კაუდილიო ვერ დაიყოლია, რომლის ”არამ” საბჭოთა კავშირი უბრძოლველად გაიყვანა მეოთხედფინალში.
ნახევარფინალში საბჭოთა კავშირმა, საფრანგეთმა, იუგოსლავიამ და ჩეხოსლოვაკიამ გააღწიეს. ფინალური სტადიის მასპინძელი ქვეყანა საუკეთესო ოთხეულში გასულთაგან შეირჩა. ევროპის თასის გადამწყვეტი მატჩების ჩატარების პატივი საფრანგეთს არგუნეს, მატჩები კი მარსელსა და პარიზში ჩატარდა. ნახევარფინალში სსრკ-მ იოლად მოუგო ჩეხოსლოვაკიას, მასპინძლები კი სამხრეთსლავებთან 4:5 დამარცხდნენ. ეს ანგარიში დღემდე რჩება ევროპის ჩემპიონატების ფინალური სტადიის ყველაზე მაღალ შედეგიანად. ისე კი, იმ შეხვედრაში ”სამფეროვანთა” შორის რაიმონ კოპასა და ჟუსტ ფონტენს არ უთამაშიათ. ფრანგთა მარცხიც დიდწილად ამ ფორვარდების არყოფნით აიხსნება. 1960 წლის 10 ივლისს კი ფინალში ერთმანეთის პირისპირ სსრკ და იუგოსლავია წარსდგა. ევროპის თასი საბჭოელებს ხვდათ წილად, ამ საქმეში კი განუზომლად დიდი წვლილი ქართველ ფეხბურთელებს მიუძღვიათ. ძალიან საიმედოდ ითამაშა დაცვაში გივი ჩოხელმა, იუგოსლავების გოლი ბრწყინვალედ მოთამაშე სლავა მეტრეველმა გაქვითა, დამატებით დროში კი მიხეილ მესხმა ბურთი თავზე დაასვა ვიქტორ პონედელნიკს, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ევროპის თასის პირველ გათამაშებაზე საუბრისას კი იმასაც მოგახსენებთ, რომ საფრანგეთში ტრიუმფატორ გუნდთან ერთად თბილისის ”დინამოს” ცენტრფორვარდი ზაურ კალოევიც იმყოფებოდა.

ფინალი
საბჭოთა კავშირი - იუგოსლავია 2:1 დ.დ.
1960 წლის 10 ივლისი. პარიზი. ”პარკ დე პრენსი”. 17 966 მაყურებელი.
გოლები: 0:1 გალიჩი (43). 1:1 მეტრეველი (49). 2:1 პონედელნიკი (113).
გაფრთხილება: მლადინოვიჩი
სსრკ: იაშინი, ჩოხელი, კრუტიკოვი, მასლიონკინი, ვოინოვი, ნეტო (კაპიტანი), მეტრეველი, ვალენტინ ივანოვი, პონედელნიკი, ბუბუკინი, მესხი.
მთ. მწვრთნელი: გ. კაჩალინი
იუგოსლავია: ვიდინიჩი, დურკოვიჩი, იუსუფი, ჟანეტიჩი, მლადენოვიჩი, პერუშიჩი, შეკულარაცი, ერკოვიჩი, გალიჩი, მატუში, კოსტიჩი (კ).
მწვრთნელთა კომისია: ლ. ლოვრიჩი, ა. ტირნანიჩი, დ. ნიკოლიჩი
მსაჯი: ა. ელისი (ინგლისი)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ლევ იაშინი (სსრკ), ვლადიმირ დურკოვიჩი (იუგოსლავია), ლადისლავ ნოვაკი (ჩეხოსლოვაკია), იგორ ნეტო (სსრკ), იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია), ვალენტინ ივანოვი (სსრკ), სლავა მეტრეველი (სსრკ), მილან გალიჩი (იუგოსლავია), ვიქტორ პონედელნიკი (სსრკ), დრაგოსლავ შეკულარაცი (იუგოსლავია), ბორა კოსტიჩი (იუგოსლავია).


ესპანეთი 1964

ევროპის თასის მეორე გათამაშების გამარჯვებული ესპანეთი გახდა, რომლის მოკავშირე საკუთარი მინდორი და საბრძოლო სული გახლდათ. 1964 წელს მოპოვებული ტრიუმფი ესპანელებმა 2008 წელს ავსტრია-შვეიცარიაში ჩატარებულ ევროპირველობაზე გაიმეორეს. მანამდეც იბერიელებს არაერთხელ ჰყოლიათ მაღალი კლასის ნაკრები, თუმცა, ლუის არაგონესის წინამორბედებს არ უმართლებდათ...
კონტინენტის მეორე პირველობაც ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და ფინალურ სტადიაზე კვლავინდებურად ოთხი საუკეთესო ნაკრები გავიდა. წინა ტურნირისგან განმასხვავებელი კი ის გახლდათ, რომ 17 ნაკრების ნაცვლად ევროპის თასის მეორე გათამაშებაში მონაწილეობა 29 ეროვნულმა გუნდმა მიიღო. ამ ნაკრებთა შორის ინგლისი და იტალიაც იყვნენ. ალბიონელებმა პირველად იასპარეზეს ალფ რამსეის მეთაურობით, თუმცა, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორებმა ორი წლით ადრე საფრანგეთთან ორი მატჩის ჯამში 3:6 წააგეს. ამჯერადაც თავიდან ვერ იქნა აცილებული პოლიტიკური კონფლიქტი. ბერძნებმა უარი განაცხადეს ალბანელებთან თამაშზე, რისთვისაც დისკვალიფიკაცია მიეცათ. ისე კი, იმხანად საბერძნეთი და ალბანეთი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იყვნენ და ელადელთა მიერ შკიპერიელებთან შეხვედრის ბოიკოტი არავის გაკვირვებია. ალბანელები ავტომატურად მოხვდნენ ევროპის საუკეთესო 16 ნაკრებს შორის (ჯერჯერობით უკანასკნელად), თუმცა, დანიელებთან ვერაფერი გააწყეს და ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდნენ. სკანდინავები კი მხოლოდ მეოთხედფინალით არ დაკმაყოფილდნენ და ლუქსემბურგის ძლევის შემდეგ საუკეთესო კვარტეტში მოხვდნენ. ამ წყვილში გამარჯვებული გამოვლენას 3 მატჩი დასჭირდა. დანიელებმა ვერც საკუთარ მინდორზე და ვერც გასვლაზე ვერ სძლიეს ბენილუქსელებს, ნეიტრალურ სტადიონზე, როტერდამში კი ოლე მადსენის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს. ლუქსემბურგელებმა მთავარი სენსაცია კი წინა ეტაპზე მოახდინეს, როცა იმავე როტერდამში... ჰოლანდიის ნაკრებს 2:1 მოუგეს. მას შემდეგ 1995 წლამდე მოყოლებული ამ ჯუჯა სახელმწიფოს საფეხბურთო ნაკრებს საგარეო თამაში არ მოეგო. დანიელებთან ერთად უძლიერესთა ოთხეულში უნგრეთი, ესპანეთი და საბჭოთა კავშირი მოხვდნენ. მადიარებმა წინა ტურნირის უძლიერესი კვარტეტის მონაწილე საფრანგეთი ჩამოიცილეს გზიდან, ესპანეთმა კი ირლანდია ორ შეხვედრაში საერთო ანგარიშით 7:1 გაანადგურა.
სსრკ პირინეს ნახევარკუნძულზე ტიტულის შესანარჩუნებლად ჩავიდა და დანიელთა 3:0 ძლევით ფინალისკენაც იოლად გაიკაფა გზა. მეორე ნახევარფინალში კი უკომპრომისო ორთაბრძოლა გაჩაღდა. ესპანელებმა მადრიდის ”რეალის” ფორვარდის ამანსიოს მიერ დამატებით დროში გატანილი ბურთის წყალობით მოუგეს უნგრეთს 2:1, მათ თამაშს კი ლუის სუარესი დირიჟორობდა. მან მილანის ”ინტერის” შემადგენლობაში ჩემპიონთა თასის მოპოვებასთან ერთად უდიდესი გამოცდილებაც შეიძინა. ფინალის ჩაშლა კი პოლიტიკურ სიტუაციას უკვე აღარ შეეძლო. არც ესპანეთსა და არც საბჭოთა კავშირს გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობაზე უარის თქმა აზრადაც არ მოსვლია. თითქოს საქმე ოვერტაიმამდე უნდა მისულიყო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ექვსიოდე წუთით ადრე მარსელინიოს ზუსტი დარტყმა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ”ჩვენი ნაკრების ისტორიაში 1964 წლის ფორმაციის გუნდი უძლიერესი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს იყო თანამოაზრეთა კრებული და არა ვარსკვლავთა მექანიკურად შეკრებილი ჯგუფი”, - ტიტულის მოპოვებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ამას ლუის სუარესი იტყვის.

ფინალი
ესპანეთი - საბჭოთა კავშირი 2:1

1964 წლის 21 მარტი. მადრიდი. ”სანტიაგო ბერნაბეუ”. 79 115 მაყურებელი.
გოლები: 1:0 პერედა (7). 1:1 ჰუსაინოვი (8). 2:1 მარსელინო მარტინესი (84).
ესპანეთი: ირიბარი, რივილია, ოლივილია (კ), სოკო, კალიეხა, ფუსტე, სუარესი, პერედა, ამანსიო, მარსელინიო მარტინესი, ლაპეტრა.
მთ. მწვრთნელი: ხ. ვილიალონგა
სსრკ: იაშინი, მუდრიკი, შუსტიკოვი, შესტერნიოვი, ანიჩკინი, კორნეევი, ვორონინი, ჩისლენკო, ვალ. ივანოვი (კ), პონედელნიკი, ჰუსაინოვი.
მთ. მწვრთნელი: კ. ბესკოვი.
მსაჯი: ა. ჰოლანდი (ინგლისი)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ლევ იაშინი (სსრკ), ფელისიანო რივილია (ესპანეთი), დეჟე ნოვაკი (უნგრეთი), იგნასიო სოკო (ესპანეთი), ფერნანდო ოლიველია (ესპანეთი), ამანსიო (ესპანეთი), ფერენც ბენე (უნგრეთი), ვალენტინ ივანოვი (სსრკ), ხესუს მარია პერედა (ესპანეთი), ლუის სუარესი (ესპანეთი), ფლორიან ალბერტო (უნგრეთი).

გოჩა კაჭარავა





 

0.098217