თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2012 წლის სეზონი დიღომში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატით დახურეს. ტურნირის მეორე დღეს – 28 ნოემბერს ხალიჩა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 60, 74 და 96 კილოგრამში მოჭიდავეებს დაეთმოთ.
პირველი დღის მსგავსად, ტრიბუნებმა მაყურებელი ვერც ამჯერად დაიტია და დამსწრეთა თითქმის ნახევარს კვლავ უშუალოდ დარბაზიდან მოუხდა შეხვედრების ყურება. კვლავინდებურად უხვად იყო მსაჯების არადამაჯერებელი გადაწყვეტილებები და ვიდეოკონტროლის მოსათხოვნი ლურჯი და წითელი კვადრატები ხალიჩაზე მთელი დღის განმავლობაში პანტაპუნტით სცვიოდა.
საქართველოს ჩემპიონები კი ამჯერად მთავარ ფავორიტებად მიჩნეული მოჭიდავეები გახდნენ. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალ წონაში – 60 კილოგრამში დამკვიდრება გადაწყვიტა და პირველი გამოცდა წარმატებულად ჩააბარა, მაგრამ ფინალში გვარიანად კი ანერვიულა გულშემატკივრები.
პირველი პერიოდი ბექა ლომთაძემ ფეხში შედეგიანად შესვლით დაიწყო და 1:0 დაწინაურდა, მაგრამ საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე ხინჩეგაშვილის მძლავრ შეტევას ვეღარაფერი მოუხერხა, საჭიდაო წრიდან გავიდა და 1:1-ით წააგო.
მეორე ორწუთეულის დასაწყისში სპორტსმენებმა ორ-ორი ქულა გაცვალეს, მერე კი ინიციატივა ლომთაძემ იგდო ხელთ და ლამაზი სამქულიანი და ერთიც ქულიანი ილეთით პერიოდების საერთო ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ პერიოდში კი ხინჩეგაშვილმა მომგებიანი ერთადერთი ქულა მეტოქის საჭიდაო წრიდან გაყვანით საფინალო სირენამდე ერთი წამით ადრე მოიპოვა.
ვიდრე ლომთაძეს დაეჭიდებოდა, ხინჩეგაშვილმა გიორგი დაბრუნდაშვილი, გიორგი გოგოლაძე და მურთაზ კვესაძე დაამარცხა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდა, მალხაზ ქურდიანთან ერთად.
74 კილოგრამში ყველაზე მეტი – 44 მონაწილე მოგროვდა და დავით ხუციშვილს შიდა კონკურენციაში თავისი უპირატესობის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად 5 ბრძოლის მოგება დასჭირდა. საქართველოს ნაკრების წევრი საჩემპიონო აღმართს საბა სტურუას ძლევით შეუყვა, შემდეგ ცოტნე ივანიშვილი, ლევან ქელეხსაშვილი და ზურაბ ერბოწონიშვილი ჩამოიცილა. ფინალში კი იაკობ მაქარაშვილს ორ პერიოდში აჯობა – 1:0, 1:0. ბრინჯაოს მედლებს ერბოწონიშვილი და გიორგი სანოძე დაეუფლნენ.
96 კილოგრამში ტურნირი წაუგებლად ელიზბარ ოდიკაძემ ჩაამთავრა. ზურაბ ახობაძის, ლევან ჭუმბაშვილისა და თედორე ებანოიძის ძლევის შემდეგ, ფინალში 96 კილოგრამში ახლადანაცვლებულ ბექა ჭელიძეს 1:0 2:0 მოუგო. მე-3 ადგილები კი საქართველოს შარშანდელი ახალგაზრდული პირველობის ფინალისტებმა - თედორე ებანოიძემ და მამუკა კორძაიამ დაიკავეს.
“საკმაოდ კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. ხალიჩაზე ნაკრების ყველა წევრი გავიდა, გიორგი გოგშელიძის გარდა, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. შიდა კონკურენციაში, უმეტესწილად, კვლავ იმარჯვეს ფავორიტებმა. ვნახეთ სიურპრიზებიც და ამ მხრივ პირველყოვლისა მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილს გამოვარჩევ. პერსპექტიული სპორტსმენია და ველოდი, რომ ნაკრების უმთავრეს კანდიდატებს ბრძოლას გაუმართავდა, მაგრამ ასე შთამბეჭდავად თუ გაჩემპიონდებოდა მართლა ვერ ვიფიქრებდი. ძალიან კმაყოფილი დავრჩი 66 კილოგრამის ახალგაზრდა ფინალისტების – კონსტანტინე ხაბალაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის ჭიდაობით. საქართველოს ჩემპიონები ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრის მთავარი კანდიდატები არიან, თუმცა ევროპის ჩემპიონატამდე საერთაშორისო ტურნირებზე თავის გამოჩენის შანსი სავარაუდოდ პრიზიორებსაც მიეცემათ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ.
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
27-28 ნოემბერი
55 კგ
1 გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი)
2 გივი დავიდოვი (საჩხერე)
3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)
3 ოთარ გოგავა (ქუთაისი)
60 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
2 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)
3 მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი)
66 კგ
1 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
2 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
3 კობა კაკალაძე (აჭარა)
3 მალხაზ ზარქუა (აჭარა)
74 კგ
1 დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
2 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
3 გიორგი სანოძე (ქუთაისი)
3 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
2 ნოდარ ეგაძე (გორი)
3 ოთარ უროტაძე (ქუთაისი)
3 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)
96 კგ
1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2 ბექა ჭელიძე (აჭარა)
3 თედორე ებანოიძე (ხარაგაული)
3 მამუკა კორძაია (აჭარა)
120 კგ
1 გენო პეტრიაშვილი (გორი)
2 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
3 არჩილ დავითაძე (აჭარა)
3 თორნიკე ხიდაშელი (გარდაბანი)
ოთარ მაღლაკელიძე