ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის დასკვნითი შეხვედრა “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” გაიმართა, სადაც “ხეტაფემ” “ვალენსია” მიიღო და სრული კრახი განიცადა.
სტუმრებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და მე-7 წუთზე როდრიგოს პასის შემდეგ ანგარიში პაკო ალკასერმა გახსნა. 20-ე წუთზე, “ღამურებმა” ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს და ანდრე გომეშმა მეორე გაუტანა ვისენტე გუაიტას, რომელიც სწორედ “ვალენსიადან” გადავიდა “ხეტაფეში” გასულ ზაფხულს.
მეორე ტაიმიც “ლოს ჩეს” უპირატესობით მიმდინარეობდა, მასპინძლებს გააზრებული თამაში და მომენტის შექმნა უჭირდათ, ხოლო “ვალენსია” თავის შანსს უცდიდა, რომელიც მალე მიიღო კიდეც - შეცვლაზე შემოსულმა სოფიან ფეგულიმ, 72-ე წუთზე კარგად ითამაშა და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც როდრიგომ ზუსტად შეასრულა და თავისი პირველი გოლი მიითვალა “ვალენსიას” რიგებში. აქედან ერთ წუთში, ახალგაზრდა ესპანელმა მეორე ყვითელიც მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მოკლედ, როდრიგომ ყველაფერი მოასწრო: გოლი, საგოლე პასი, ყვითელი ბარათი, წითელი ბარათი. “ღამურებს” კი, შეხვედრის წყნარად დასრულება არ გასჭირვებიათ – 0:3.
“ვალენსიას” 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-2 პოზიციას იკავებს. ხუთშაბათს ვალენსიელები “კორდობას” მიიღებენ შინ. რაც შეეხება “ხეტაფეს”, ისინი გასვლაზე შეხვდებიან “ესპანიოლს”.
ხეტაფე – ვალენსია 0:3 (0:2)
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-4-2): გუაიტა, ნალდო, ალექსისი, ვალერა (აროიო 77), ხუან როდრიგესი, კასტრო, ჰინესტროზა, სარაბია (ი.ლოპესი 60), სამირი (ბაბა 57), ლაფიტა.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
ვალენსია (4-3-3): ალვეში, ბარაგანი, გაია, ოტამენდი, ვეზო, ფუეგო, ანდრე გომეში, პარეხო (ფელიპე აუგუსტო 80), პიატი (ორბანი 85), როდრიგო, ალკასერი (ფეგული 65).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 ალკასერი (7), 0:2 ანდრე გომეში (20), 0:3 როდრიგო (72 პენ.).
გაძევება: როდრიგო (73).
გაფრთხილებები: ნალდო, როდრიგესი, ჰინესტროზა, ვალერა, ლაფიტა, ბაბა – როდრიგო, პარეხო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 12(5)-7(3), ჯარიმა: 25-17, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-5
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 5. ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ბაკა (“სევილია”) – 4.
ირაკლი ალიმბარაშვილი