ფეხბურთი

22:01 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გახდება “დინამო” ზესტაფონში ჩემპიონი?

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ოთხი სათამაშო დღე და 25-ეც ისტორიის კუთვნილება გახდება. პარასკევს და შაბათს კი 29-ე ტურის მატჩები გაიმარება, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონი უკვე ოფიციალურად გამოავლინოს. ეს, იმ შემთხვევაში, თუ “დინამო” “ზესტაფონს” სტუმრად დაამარცხებს.

ტური პარასკევს ქვედა ექვსეულის შეხვედრებით გაიხსნება და ჩვენც ამით დავიწყოთ.

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი

2 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. უმაყურებლოდ. 16:00

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ლ. ვარამიშვილი, დ. კვეტენაძე, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 3:0, 1:1, 5:1

“ზუგდიდმა” წინა ტურში მნიშვნელოვანი მატჩი წააგო შინ “ვიტ ჯორჯიასთან” და თუ პარასკევსაც დამარცხდა, ძალიან გაუჭირდება უმაღლეს ლიგაში დარჩენა. “ტორპედოს” კი ფაქტობრივად, თავი ქუდში აქვს, თუმცა მთავარი მწვრთნელი, რევაზ ძოძუაშვილი მაინც მოსაგებად განაწყობს შეგირდებს. აი, რა უთხრა ძოძუაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს: „ტორპედოში“ ჩემი დაბრუნების შემდეგ პირველადაა, როცა გუნდს გავარდნის არ ეშინია, ამდენად, ფეხბურთელი, რომელიც გამოვა მოედანზე წნეხის ქვეშ აღარ იქნება. ამასთან, მწვრთნელებსაც გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვიფიქროთ ახალ სეზონზე და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, ასეთი 4-5 ბიჭი გვყავს, მოვსინჯოთ დარჩენილ მატჩებში, რათა ვნახოთ თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ჩვენ ერთგვარ „რენტგენს“ ჩავატარებთ მათ შესაფასებლად. ასევე, მინდა გითხრათ, რომ უკვე ბიჭებმა იგრძნეს თავიანთი პოტენციალი და ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ სწორი სტრატეგიით მივდივართ წინ. რასაკვირველია, სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება მოწინავე ადგილების დასაკავებლად იმიტომ, რომ უკვე ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი ფურცლიდან დავიწყეთ მუშაობა, დღეს კი ფუნდამენტი არის. ვნახოთ, როგორი იქნება „ტორპედოს“ ხვალინდელ დღე, რა პირობები და მოთხოვნები გვექნება, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დონის ფეხბურთი ვათამაშოთ გუნდს.

იმის გარდა, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში დავრჩებით, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. თითოეული თამაში არის ჩვენთვის იმის მაჩვენებელი, რა გვაკლია, რას უნდა მოვუმატოთ. გუნდის სიძლიერი ჩანს ჩემპიონატის ბოლო თამაშებშიც, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ გვინდა, კარგი აკორდით დავაბოლოვოთ ჩემპიონატი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, ისე ფიქრობს ყველა გუნდი. ვფიქრობ, რომ სამ გუნდს შორის არის მე-7 ადგილის ინტრიგაც, ჩვენთან ერთად „ვიტ ჯორჯია“ და „დილა“ იბრძოლებს და გამოჩნდება საუკეთესოს ძალაც. ამ სამეულის ორთაბრძოლა ჩვენ კიდევ სტიმულს გვაძლევს, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვჩნდეთ".

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი)

2 მაისი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

დისკვალიფიცირებული: ნიკოლოზ მაისურაძე (“ვიტ ჯორჯია’)

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზვ. ერქვანია, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:2, 1:1, 2:1

ეს არის მატჩი, რომელსაც ფაქტობრივად, არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. მოტივაციის წყაროდ, ალბათ სპორტული ჟინი, კლუბის პრესტიჟი და ქვედა ექვსეულში პირველი ადგილის დაკავება თუ გამოდგება. ისე, საინტერესოა, რომ ურთიერთშეხვედრების ისტორიაში “ვეტერინარებს” ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. აქამდე ჩატარებული 31 მატჩიდან 24 “ვიტ ჯორჯიამ” მოიგო, 4 - “დილამ,” 3 შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა. 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი)

2 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 19:00

დისკვალიფიცირებული: ზვიად მეტრეველი (“სპარტაკი”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, ს. სპიცინი, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:2, 1:0, 0:0

ტურის ცენტრალური არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ბოლო დროს წარმატებით მოთამაშე “სპარტაკი” თავგამოდებით შეეცდება მორიგი სამი ქულის აღებას, მარტვილელთათვის კი დამარცხება, ფაქტობრივად, განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნება.

 

1      ვიტ ჯორჯია                          28           11           6           11           36:37           39          
2 ტორპედო 28 11 6 11 33:39 39
3 დილა 28 10 8 10 39:31 38
4 სპარტაკი 28 9 4 15 28:36 31
5 ზუგდიდი 28 7 6 15 20:39 27
6 მერანი 28 6 4 18 21:52 22

 

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი)

3 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00

დისკვალიფიცირებული: ვილი ისიანი (“გურია”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ფიფია, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:0, 2:1, 2:1

გაზაფხულის ყველაზე წარმატებული გუნდი, ყველაზე წარუმატებელს ხვდება. ლადო ბურდულის თავკაცობით “სიონმა” ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და მოვლენათაA გარკვეულად განვითარების შემთხვევაში,შესაძლოა, საჩემპიონო ბრძოლაშიც ჩაერთოს. მართალია, ეს თეორიული ვარაუდია, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა ამას სეზონის დასაწყისში? (ამ ვარაუდის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ).

პირველი წრის აღმოჩენა - “გურია” კი ისევ ფინანსურ კრიზისშია. ლანჩხუთელებმა მიჯრით 7 შეხვედრა წააგეს და თავის დროზე ზედა ექვსეულში რომ არ მოხვედრილიყვნენ, დღეს ალბათ სატურნირო მხრივაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდნენ. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ გუნდს ადრინდელი პრემიები ჯერაც ასაღები აქვს, ამას ემატება აპრილის თვის ხელფასი და პრემიები. შედეგად, გუნდს 27 აპრილის შემდეგ აღარ უვარჯიშია. რა მდგომარეობაში ესტუმრებიან გურულები “სიონს” ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

 

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი)

3 მაისი. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:3, 1:1, 0:2

ეს ისეთი თამაშია, ფეარ პლეის პრინციპს თუ გაითვალისწინებენ, თორემ სხვაგვარად არანაირი სატურნირო მოტივაცია არ აქვთ. “ჩიხურას” ევროპის ლიგაზე ადგილი უკვე განაღდებული აქვს, “მეტალურგი” კიდევ შეიძლება თეორიულად “სიონს” დაეწიოს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ბოლნისელებს აქვთ უპირატესობა და ამ შემთხვევაშიც მესამე ადგილზე მაინც “სიონი” დარჩება.

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი)

3 მაისი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 19:00

მსაჯები: ო. ხეცაძე, ი. უკლება, დ. ჩიგოგიძე, ა. ნონიკაშვილი, გ. ყრუაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო) 

მიმდინარე სეზონში: 1:2, 1:2, 0:1

ტურის ცენტრალური მატჩია. მატჩი, რომელის შემდეგაც შესაძლოა, საქართველოს 2013-14 წლების ჩემპიონი ოფიციალურად გაირკვეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “დინამო” მოიგებს. თუ მარგველები გაიმარჯვებენ, მაშინ ისინი 6 ქულამდეც შეამცირებენ ლიდერთან სხვაობას და ჩემპიონატს ცოტა ხნით შეუნარჩუნებენ ინტრიგას. არის კიდევ ვარიანტები, მაგალითად ზესტაფონში ფრის და “სიონის” გამარჯვების შემთხვევაში, ბოლნისელებს და თბილისელება შორის სხვაობა 8 ქულა იქნება. არადა, ამ ტურის გარდა კიდევ სამი სათამაშო დღე რჩება. ურთიერთშეხვედრებში კი “სიონს” დინამოსთან” უპირატესობა აქვს (1:4, 2:1, 1:0). ცხადია, ეს ყველაფერი ელემენტარული მათემატიკური ვარაუდებია, მაგრამ სანამ თეორიულად ჯერ კიდევ არსებობს ვარიანტები, ხსენებულ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება.

 

      დინამო (თბ)                          28           19           4           5           60:20           61          
ზესტაფონი 28 16 4 8 37:19 52
სიონი 28 15 6 7 39:28 51
ჩიხურა 28 12 6 10 48:43 42
მეტალურგი 28 11 6 11 31:33 39
გურია 28 11 0 17 28:43 33

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091971