სხვა

2:45 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილმა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ელენე გედევანიშვილი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა. აღნიშნული ცნობილი გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ტურნირზე გახდა, სადაც ძირითადად ის სპორტსმენები იყვნენ შეკრებილნი, რომელთაც გასულ სალიცენზიო შეჯიბრებებზე ხელი მოეცარათ.

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს უპირველესმა წარმომადგენელმა მოკლე პროგრამაში 51.59 ქულით მე-6 შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში კი ელენე 93.21 ქულით მე-7 გახლდათ. ჯამში, გედევანიშვილმა 144.80 ქულა მოაგროვა და მე-6 შედეგი აჩვენა, რაც ლიცენზიისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, გერმანულ შეჯიბრზე ლიცენზიები თამაშდება წყვილთა შორის, სადაც ბედს ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა სცდიან. სოჭში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად 22 დუეტი იბრძვის, რომელთაგან ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლებას 5 საუკეთესო მიიღებს.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ჯაფარიძე-ტელეგინას წყვილი 45.47 ქულით საერთო ჩათვლაში მე-13 ადგილზეა, საკვალიფიკაციოში კი – მეცხრეზე. ოთარს და ანგელინას სალიცენზიო ზონასთან დაახლოებით 3 ქულა აშორებთ, ასე რომ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინაა. ყინულზე მოცეკვავეები თავისუფალ პროგრამას დღეს თბილისის დროით 17:15 საათიდან დაიწყებენ.

0.099311