ფეხბურთი

18:13 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დემეტრაძე: “ალბათ, ფეხბურთში ვიმუშავებ, მანამდე კი... კახას ვაცილებთ”

ერთი საღამო ბასაზე...


 

კლასის გამოხატულება ალექსანდრე ჩივაძე, ვერცხლისწყალივით გიორგი დემეტრაძე, მუდამ აქტიური ალექსანდრე იაშვილი, გასაოცარი ტექნიკის მქონე გიორგი ქინქლაძე, მებრძოლი კახა კალაძე, გოლზე დაგეშილი არჩილ არველაძე, ორგანიზატორი ლევან ცქიტიშვილი, ნაკრების დაცვის ყოფილი ცენტრი (კახა ცხადაძე-მურთაზ შელია), მეკარე ზვიად სტურუა და სხვები... ვიღას არ ნახავდით ტექნიკურ ცენტრ “ბასას” მოედანზე სამშაბათ საღამოს...

გამიმართლა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ბოლომდე დავრჩი. თემურ ქეცბაიას წვრთნა 40-45 წუთის დაწყებული ჰქონდა, როცა “ბასას” ვეტერანი ფეხბურთელები მოადგნენ. როგორც ასეთ დროს ხდება, დაიწყო ძველი ამბების გახსენება – კურიოზებს რა დალევდა. ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს საშა ჩივაძეს, რომელსაც ფეხბურთელები იუმორის მეფეს ეძახიან.

დამთავრდა ეროვნული ნაკრების ვარჯიშიც და მოედანზე ვეტერანები შევიდნენ. ნახევარ მოედანზე ითამაშეს 7X7-ზე. ჩივაძე “გუნდში” ყველაზე ასაკოვანი იყო და მგონი, ყველაზე ბევრი ბურთიც გაიტანა. საქმე ისაა, რომ ბატონი საშა ფორვარდი გახლდათ, კართან იყო ჩასაფრებული და მშვენივრად აგვირგვინებდა კიდეც შეტევებს. აბა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, “ვესტ ჰემის” სტადიონის სამი მეოთხედი ბურთიანად რომ გადასერა და მძლავრი დარტყმით გაიტანა.

ქინქლაძემ რამდენჯერმე გაიელვა, ერთი ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა – ეგაა, ბევრი სხვა ყოფილი თანაგუნდელისგან განსხვავებით, წონაში საკმაოდ მომატებულია. კარგი თამაში იყო და აკი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც სიამოვნებით უყურებდნენ.

“დემე” ყველაზე სწრაფად დარბოდა, მართლაც მშვენივრად თამაშობდა და მისი შემხედვარე, კაცი იფიქრებდა, პროფესიულ ფეხბურთში რომ დაბრუნდეს, ბევრს აჯობებდა. უყურებდი და ფიქრობდი, ამ თაობამ ერთხელ მაინც როგორ ვერ მოახერხა ფინალური ეტაპის მიჯნამდე მისვლა მაინც.

“მსოფლიო სპორტი” დემეტრაძეს გაესაუბრა, თუმცა, დიდი დრო არ გვქონია:

-       რა თქმა უნდა, კახა კალაძის გაცილების მატჩისთვის ემზადებით...

-       დიახ. აქამდე ხელოვნურსაფარიანზე ვვარჯიშობდით, მაგრამ თამაშის დღე ახლოვდება და ბუნებრივზე გადმოვედით.

-       როგორც ვიცი, ხშირად თამაშობთ ვეტერანი ფეხბურთელები.

-       ასეა, ვიკრიბებით და ძველ დროს ვიხსენებთ. მათ შორის, კალაძეც.

-       კახა თქვენი უახლოესი მეგობარია და როგორი დღე იქნება თქვენთვის 31 მაისი?

-       ცოტა ნაღვლიანიც, რადგან ამხელა ფეხბურთელს ვაცილებთ. კახა საქართველოს ყველა დროის გამორჩეული ფეხბურთელია, მასზე ახალი რაღა უნდა ვთქვა. მარტო ის რად ღირს, რომ მსოფლიო დონის ამდენი ვარსკვლავი ჩამოვა მის დასაფასებლად.

-       საკმაოდ გამხდარი ხართ. დაახლოებით ერთი თვის წინაც ვნახე თქვენი თამაში და ძველ “დემეს” არ ჩამოუვარდებით.

-       დიახ, 10-11 კილო მაქვს მოკლებული 3 წლის წინანდელთან შედარებით.

-       ფეხბურთში არ აპირებთ საქმიანობას?

-       არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ, ასე ვთქვათ, მზადებაში ვარ...

-       ანუ, სურვილი გაქვთ?

-       დიახ. ალბათ ვიმუშავებ, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია.

0.101961