საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის სრული შემადგენლობის შეკვრას დღეს, სოფიაში შეეცდება. ბულგარულ სალიცენზიო ტურნირში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (66 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) ჩაერთვებიან. ზაზა თურმანიძის გუნდს სწორედ ამ სამ წონით კატეგორიაში დარჩა ლონდონის საგზური მოსაპოვებელი. დარჩენილ ოთხ წონაში კი მალხაზ ზარქუამ (60 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) ოლიმპიური ნორმატივი მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე შეასრულეს.
წილისყრაში ყველაზე მეტად ხინჩეგაშვილს გაუმართლა – ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთვება, ესპანელ ფრანჩესკო ხავიერ სანჩეს პარასთან შეხვედრით. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი გერმანელი მარსელ ევალდისა და შვეიცარიელი ურს ვაილდის წყვილში გამარჯვებულს დაეჭიდება და თუ იმარჯვებს, ფინალში გასვლით ავტომატურად ოლიმპიადაზე ჭიდაობასაც გაინაღდებს.
კენჭისყრით უკმაყოფილო არც გიორგი გოგშელიძე უნდა იყოს. უმთავრესი კონკურენტები: რუსი აბდუსალამ გადისოვი და აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ასლანბეკ ალბოროვი სატურნირო ბადეში საპირისპირო მხარეს მოხვდნენ და მათი და გიორგის გზები ერთმანეთს მხოლოდ ფინალში კვეთს. იქამდე კი საქართველოს ნაკრების გამოცდილ მოჭიდავეს სამი მეტოქის ძლევა მართებს. შეჯიბრებას მოლდოველ ნიკოლაი ჩებანთან დაპირისპირებით გახსნის. თუ მოუგებს, მაშინ უნგრელ შანდორ კიშსა და ბერძენ გრიგორის კრიარიდისს შორის საუკეთესოს შეხვდება, ნახევარფინალში კი სავარაუდოდ სომეხ ედგარ იენოკიანთან მოუწევს დაჭიდება.
ზურაბ იაკობაშვილი 66 კილოგრამში, 19 მონაწილეს შორის იმ ექვსეულში მოხვდა, ტურნირში პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან რომ მოუწევთ ჩართვა. თან მეტოქედ პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი და ევროპის 2009 წლის ჩემპიონი, უკრაინელი ანდრეი სტადნიკი ერგო. თუ შეძლებს და დაამარცხებს, მაშინ უნგრელ გერგო ფიოლერსა და ბერძენ ანდრეას ტრიანტაფილიდისს შორის მოგებულს შეხვდება. ნახევარფინალში კი ქართველის სავარაუდო მეტოქეები ალბანელი ვილსონ ნდრეგიონი, კვიპროსელი სტელიოს მამა და გერმანელი მარტინ სებასტიან დაუმი არიან.
შეგახსენებთ, სოფიაში თითოეულ წონაში ორი ლიცენზია თამაშდება. თუ სალიცენზიო ქვოტაში ისეთი მოჭიდავე შევა, რომელსაც ოლიმპიადაზე ჭიდაობა იქამდეც განაღდებული ექნება, მაშინ ლონდონის საგზური ერთი საფეხურით დაბლა მდგომ სპორტსმენს გადაეცემა.
წინასწარი შეხვედრები ჩვენი დროით 16 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე