ჭიდაობა

23:39 | 4.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰელსინკი – კლასიკოსთა ბოლო ოლიმპიური შანსი

შაბათ-კვირას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასკვნით სალიცენზიო ტურნირში ჩაერთვება. ბეგი დარჩიამ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შეგირდები იმ ოთხ წონით კატეგორიაში იახლა, რომლებშიც გუნდს ლიცენზია ჯერ არ მოუპოვებია. ფინურ ხალიჩაზე ქემალ ხარაბაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) გავლენ.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები 55, 60, 66, 74 და 84 კილოგრამებში გათამაშდება, ხოლო მეორე დღეს – 96 და 120 კილოგრამებში. პირველ ხუთ წონაში უკვე წილისყრაც შედგა.
ქემალ ხარაბაძე ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება, ინდოელ ხოგინდარ სინგხთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში იტალიელი ფედერიკო მანეასა და რუმინელი ვირგილ მუნტეანუს წყვილიდან გასულს დაეჭიდება. ნახევარფინალში კი ყველაზე სავარაუდო მეტოქე პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი (2006 და 2011 წლებში), სომეხი რომან ამოიანია.
რევაზ ლაშხი 60 კილოგრამის 26 მონაწილეს შორის იმ 20-ში მოხვდა, შეჯიბრებას პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან რომ დაიწყებენ. ევროპის შარშანდელი ჩემპიონი მოლდოველ მაქსიმ მამულატს დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში კი ან ხორვატ ტონიმირ სოკოლს შეხვდება, ან შვეიცარიელ პატრიკ შტადელმანს. მეოთხედფინალში ლაშხის ყველაზე სავარაუდო მეტოქე სერბი დავორ შტეფანეკია, ხოლო ნახევარფინალში – სლოვაკი იშტვან ლევაი. ცნობისთვის, შტეფანეკი წლეულს, სამშობლოში ჩატარებულ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ლევაი კი სულაც ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
გეგეშიძე ტურნირს მეთექვსმეტედფინალში, ინდოელ მანოხ კუმართან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილიდან გასული სავარაუდოდ ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ სომეხს, არტურ შაჰინიანს დაეჭიდება. ბადის საპირისპირო მხარეს მოხვდნენ ევროპის მოქმედი და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი, ბულგარელი ხრისტო მარინოვი, ბრინჯაოს უნგრელი პრიზიორი ვიქტორ ლორინცი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2001 და 2002 წლებში), შვედეთის სახელით მოჭიდავე არა აბრაჰამიანი. შესაბამისად, მათი გზა ქართველისას მხოლოდ ფინალში უერთდება. ოლიმპიურ ლიცენზიას ჰელსინკური ტურნირის ფინალისტები მიიღებენ.

ოთარ მაღლაკელიძე

0.088593