როგორც იცით, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრამ ორმატჩიან დუელში მეტოქედ ბოლნისის „სიონი“ გვარგუნა. პირველი თამაში 13 მარტს ქუთაისში გაიმართება. ჩვენი მეტოქის შეფასება მოახლოვებული სათასო თამაშის წინ „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს ვთხოვეთ.
გია გეგუჩაძე: „რა თქმა უნდა, არ არის იოლი მოწინააღმდეგე. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპთან შედარებით „სიონს“ მთლიანად სახეშეცვლილი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელი ხელმძღვანელობს. ამ გუნდში ლეგიონერებიც არიან და ვფიქრობ, იქ საკმაოდ დალაგებული მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, სათასო თამაშები განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს - ორი მატჩის ჯამში ვლინდება შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდი. ამდენად, რთული მატჩის მოლოდინში ვართ. მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, რადგან გატანილი თუ გაშვებული გოლი დიდ როლს ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზედა ექვსეულში ვასპარეზობთ და ბოლნისი ქვედა ექვსეულშია, ერთმნიშვნელოვნად ძნელი იქნება იმის თქმა თუ რომელი გუნდი გავა ნახევარფინალში. მომავალი თამაშისთვის სათანადოდ ვართ განწყობილნი და ღირსეულად ვეცდებით შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას".