საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 24-26 მაისს, ინდოეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვა. დელის “დიდი პრიზი” ინდოეთის ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ინიციატივით და საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ქართული დელეგაციის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები მთლიანად ინდურმა მხარემ დაფარა.
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და ამ ეტაპზე შეგირდების ტურნირით დატვირთვა მთავარი მწვრთნელის, ზაზა თურმანიძის გეგმაში არ შედიოდა. მისმა ასისტენტმა დავით ოთიაშვილმა დელიში საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ჩემპიონ-პრიზიორებით დაკომპლექტებული გუნდი იახლა და ამ შემადგენლობამ 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, მალხაზ ჯორბენაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინდური “დიდი პრიზის” ჩემპიონები ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ), დავით ქერაშვილი (96 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) გახდნენ. გიორგი ლობჟანიძეს (66 კგ) ანალოგიურ შედეგამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, გიორგი ბალიაშვილი (60 კგ) კი შინ ბრინჯაოთი ბრუნდება.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ოცამდე ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. მეორე-მესამე პოზიციები ირანმა და ინდოეთმა დაიკავეს.
ოთარ მაღლაკელიძე