ჭიდაობა

23:50 | 8.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ვერცხლ-ბრინჯაო

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ნაკრებმა დღე გუშინდელის მსგავსად, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ხუციშვილს კონტინენტის ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა. მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
დავით ხუციშვილმა საფინალო გზაზე თურქი სონერ დემიტრაში, გერმანელი აიდინ არგუნი, ბულგარელი კირილ სტოიჩევ ტერზიევი და აზერბაიჯანელი ალექსანდრ გოსტიევი ჩამოიცილა. ამასთან, ოთხივე შეხვედრა ისე ჩაამთავრა, არც ერთი მეტოქისთვის არათუ სეტი, ერთი ქულაც კი არ დაუთმია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის სახელით მოჭიდავე აფხაზს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის უკვე სამგზის ჩემპიონ დენის ცარგუშს შეხვდა.
პირველი ორწუთეული უქულოდ გაილია. ბურთულამ კი ფეხში შესვლის უპირატესობა ცარგუშს მისცა. შეირგო კიდეც საჩუქარი. მეორე სეტში ხუციშვილმა ძირითად დროშივე დაკარგა ქულები და მეორე ადგილს დასჯერდა.
დავით მოძმანაშვილი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ოქრო-ვერცხლის შანსი უმალ დაკარგა, შარშანდელი ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორთან, უნგრელ დანიელ ლიგეტისთან წაგებით. ამ დაპირისპირებას ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთი დამატებითი დატვირთვაც ჰქონდა. ლიგეტი ის მოჭიდავეა, რომელმაც შარშან, მარტის ბოლოს მახაჩყალაში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე გიორგი საკანდელიძეს მოუგო და საფინალო სირენის შემდეგ, ხალიჩაზე დაწოლილს ზემოდან ისე დაჰყვირა, საქმე ლამის გუნდურ ჩხუბამდე მივიდა. იმ შემთხვევამდე 6 თვით ადრე იმავე ლიგეტის მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეშაჟის ფინალში ლევან ბერიანიძემ სძლია და სიხარული ანალოგიურად გამოხატა. უნგრელმა მძიმეწონოსანმა სწორედ ბერიანიძის ჟესტის გამო დაგროვილი ბოღმა გამოხატა მახაჩყალაში და თუ ბრძოლისშემდგომ გინებებსა და ჯგუფურ გაწევ-გამოწევას გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ დიდი რისკი იყო, მაშინდელი დაძაბულობა დღევანდელ ქართულ-უნგრულ დაპირისპირებაშიც ასახულიყო.
წინასწარი ეტაპის შეხვედრების ტრანსლაცია არც ერთი სატელევიზიო და ინტერნეტის არხით არ გადაცემულა და ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა როგორ იყო. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით კი მოძმანაშვილისა და ლიგეტის შეხვედრა სამი სეტი გაგრძელდა. პირველში მინიმალური ანგარიშით უნგრელმა იმარჯვა, მეორეში – ქართველმა. გადამწყვეტ ორწუთეულში კი 8:7 დაფიქსირდა დავით მოძმანაშვილის სასარგებლოდ, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც მის მეტოქეს დარჩა, რადგან ორი სამქულიანი გდება ჰქონდა შესრულებული. თანამედროვე ჭიდაობაში იმდენი უცნაურობა და უსამართლობაა, კონკრეტულად ეს წესიც არ უნდა გაგვიკვირდეს. თუ რომელიმე მოჭიდავეს სამქულიანი ილეთი აქვს შესრულებული და თუნდაც 3:8 მარცხდება, საკმარისია მეორე სამქულიანი გააკეთოს, შეხვედრა უმალ წყდება და გამარჯვებულად ცხადდება.
ლიგეტიმ მომდევნო ორი შეხვედრაც მოიგო, ფინალში გავიდა და მოძმანაშვილს რეპეშაჟის ნახევარფინალის გზა გაუხსნა. დავითმა კი ჯერ ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი დაჩაგრა – 6:0, 6:0, “ბრინჯაოს ფინალში” კი ბულგარელი დიმიტარ ანგელოვ კუმჩევი – 2:0 7:0.
ხვალ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ერთადერთ დარჩენილ წონაში – 84 კილოგრამში გამოვლინდებიან. შარშანდელი ევროპირველობის მომგები, მაგრამ მსაჯებისგან მხოლოდ ვერცხლის მედალს დაჯერებული დავით მარსაგშვილი ტურნირს მეთექვსმეტედფინალში, მაკედონიელ დეიან ბოგდანოვთან შეხვედრით გახსნის. მსაჯთაგან ოქროთი დასაჩუქრებული რუსი ანზორ ურიშევი კი სატურნირო ბადის მეორე მხარესაა და მისი და მარსაგიშვილის გზები კვლავ ფინალში იკვეთება.

 

თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ბელგრადი
8 მარტი


74 კგ
1 დენის ცარგუში (რუსეთი)
2 დავით ხუციშვილი (საქართველო)
3 ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)
3 გაბერ ჰატოში (უნგრეთი)

120 კგ
1 ტაჰა აკგული (თურქეთი)
2 დანიელ ლიგეტი (უნგრეთი)
3 დავით მოძმანაშვილი (საქართველო)
3 იჰარ ძიატკო (ბელარუსი)

ოთარ მაღლაკელიძე

0.175316