ფეხბურთი

11:31 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ერთდროულად “ჩელსის” დამრიგებელი და გულშემატკივარი ვარ”

 გუშინ ჟოზე მოურინიო ოფიციალურ დაინიშნა დასავლეთლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად. პორტუგალიელ სპეციალისტს ინტერვიუ CHELSEA TV-მ ჩამოართვა და სტემფორდ ბრიჯელთა დამრიგებლის დიალოგს ჟურნალისტთან ჩვენი ვებგვერდის მკითხველსაც ვთავაზობთ.

 - როგორც წესი, არცერთ კლუბში 3 სეზონის მეტი ხნის განმავლობაში არ მუშაობთ. აპირებთ ამჯერად ამ ტრადიციის დარღვევას?

- ვიმედოვნებ ასე იქნება. თავდაპირველად იმას მოგახსენებთ, რომ “ჩელსის” მხოლოდ მწვრთნელად თავს არ ვთვლი. ეს კლუბი ძალიან მიყვარს – ერთდროულად “ჩელსის” დამრიგებელი და გულშემატკივარი ვარ.

- როგორ მდგომარეობაში მყოფ გუნდს იბარებთ?

- გუნდში 4-5 მოთამაშე დამხვდა, რომლებიც ჩემი “სტემფორდ ბრიჯზე” უწინდელი საქმიანობისას იყვნენ. მათი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის შესანარჩუნებლად. მთლიანობაში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კოლექტივი დამხვდა. ჩემი მიზანია ისინი სტაბილურად მაღალ დონეზე ვათამაშო. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭებს შემდგომი დაოსტატებისა და საფეხბურთო ასპექტით წინსვლაში დავეხმარები.

- მადრიდის “რეალში” მოღვაწეობის ბოლო პერიოდში თქვენი სახიდან ღიმილი გაქრა. “ჩელსიში” დაბრუნებით ბედნიერი ხართ?

- ვცდილობდი ემოცია ნაკლებად გამომეხატა, მაგრამ ვერ ვმალავ სიამაყისა და ბედნიერების გრძნობას. კიდევ ერთხელ ვიგრძენი გულშემატკივრების სიყვარული, მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს კლუბის მეპატრონესთან. თანაც, ეს ურთიერთობა არა მხოლოდ პროფესიული, პირადული თვალსაზრისითაცაა გამორჩეული.

- პრემიერლიგის 3 წამყვან გუნდს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. წინ მეტად საინტერესო სეზონი გველის...

- პრემიერლიგა გამორჩეული საფეხბურთო ტურნირია. ბოლო დროს საუბრობენ, თითქოს ეს შეჯიბრება უწინდელთან შედარებით ოდნავ დასუსტდა და არგუმენტად ალბიონური კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოთიშვა მოჰყავთ. ამ თვალსაზრისს ვერ დავეთანხმები. პირიქით, უკანასკნელ წლებში პრემიერლიგაში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა და გამძაფრდა. როდესაც 2004-ში “სტემფორდ ბრიჯზე” მივედი “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” სხვა გუნდებთან შედარებით უკონკურენციოდ გამოიყურებოდნენ, სადღეისოდ კი სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად 5-6 გუნდი იბრძვის და ევროპის საკლუბო ფეხბურთის ბარომეტრ შეჯიბრებაზე მოხვედრა საგრძნობლადაა გართულებული. აქედან გამომდინარე, მომავალი პრემიერლიგა საინტერესოდ ჩაივლის, “ჩელსი” კი პირველობისთვის მებრძოლი კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება.

- ინგლისელ გულშემატკივრებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საშინაო ჩემპიონატისადმი. ჩელსისთვისპრიორიტეტული ამოცანა პრემიერლიგის მოგებაა?

- აუცილებელია გუნდის შემდგომი განვითარება. ამ სიტყვაში მხოლოდ ფინანსურ ინვესტიციას არ ვგულისხმობ. უფრო მეტად მნიშვნელოვანი თამაშის გაუმჯობესება და ფეხბურთელთა პროფესიული ზრდაა. თუკი ამას 2-3 სათანადო ტრანსფერი დაემატება, ამას რა აჯობებს! პრიორიტეტს რაც შეეხება, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ყოველი შემდგომი მატჩის მოგებაა. შეხვედრებს საჩემპიონატო და სათასო კატეგორიებად არ დავყოფთ. კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ედენ აზარის, დავიდ ლუისის, ოსკარის ასაკის გათვალისწინებით, ჩემთვის მათთან მუშაობა სასარგებლო იქნება, ისევე როგორც ამ ფეხბურთელთათვის ჩემთან ურთიერთობა.

- აგვისტოს მიწურულს კიდევ ერთხელ შეხვდებით პეპ გვარდიოლას...

- ეს ჩემი გვარდიოლას დაპირისპირება კი არა, ევროპის სუპერთასის მატჩი იქნება “ჩელსისა” და “ბაიერნს” შორის. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რათა ჩემმა გუნდმა კიდევ ერთი ტიტული მოიხვეჭოს. მანამდე კი ნაყოფიერი წინასასეზონო მზადება უნდა გავიაროთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ტურნე ჩავატაროთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიის რიგ ქვეყნებში. წინ საინტერესო პერიოდი გველის, მთავარი კი მიზანმიმართულად ჩასატარებელი საწვრთნელი პროცესია. დიდი მოცულობის სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი.

- როდესაც 9 წლის წინათ “ჩელსის” გულშემატკივრებს ჩვენი არხის მეშვეობით გულშემატკივარს მონდომებულ მუშაობას, გუნდის ახალ სიმაღლეზე აყვანას დაჰპირდით. ამჯერად რას ეტყვით ქომაგებს?

- კარიერის განმავლობაში 2 საყვარელი გუნდი მყავდა – “ინტერი” და “ჩელსი”. გუნდი გამიყვანია “ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ და მერწმუნეთ, თავს ძალიან უხერხულად და ცუდად ვგრძნობდი. დაპირებას რაც შეეხება, იგივეს გავიმეორებ და დავამატებ – სხვებთან ერთად “ჩელსის” რიგითი ჯარისკაცი ვარ.

0.094964