ძიუდო

17:55 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიბორძალიძე–ხახალეიშვილის ფინალით დაგვირგვინებული ჩემპიონატი

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატზე მედლების რვავე კომპლექტი გათამაშდა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში გამოვლინდნენ.

81 კილოგრამში საქართველოს შარშანდელი პირველობის ფინალი ამჯერად ნახევარფინალში განმეორდა – შიდა რეიტინგის ლიდერების, თეიმურაზ ხაჩიძისა და ბექა დონღვანის დაპირისპირება ამჯერადაც დონღვანის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვება ვერ შეძლო. ფინალში უჩა მარგიანთან წააგო. ამ შეხვედრამდე მარგიანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: ბორის სავრეშიანი, გიორგი გურჩიანი და ბაჩანა ტიტვინიძე.

90 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ილია მალვენიშვილი ავიდა. ფინალამდე ჯაბა ჩეჩელაშვილი, ნიკა აბულაძე და მერაბ ქალდანი ჩამოიცილა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უშანგი გასიტაშვილს აჯობა და შიდა რეიტინგში უმალ 500 ქულით შეაბიჯა.

100 კილოგრამში წლეულს ჩატარებული ორი სარეიტინგო ტურნირის (ყვარლისა და მარნეულის) ჩემპიონი თორნიკე ოთინაშვილი საქართველოს პირველობაზეც უმთავრესი ფავორიტი იყო და მართლაც, ისევ საჩემპიონო ჭიდაობა აჩვენა. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითად ბადეში სულ ათი ძიუდოისტი მოხვდა, ოთინაშვილს ოქროს მედლის მოსაპოვებლად სამი მეტოქის: დავით ებილაშვილის, ავთანდილ სომხიშვილისა და გიორგი სეტიელის ძლევა ეყო.

საქართველოს ჩემპიონატი ორი სახელოვანი ქართველი მძიმეწონოსნის: დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის შვილების – როსტომისა და გუგას დაჭიდებით დაგვირგვინდა. ჩემპიონი ხახალეიშვილი გახდა, ოქროს დროში შესრულებული ილეთით. ცნობისთვის, ორივე ფინალისტი იმერეთის გუნდს წარმოადგენდა. მძიმე წონაში იმერეთის რეგიონს სულ ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა და თავი არც ერთს შეურცხვენია. გიორგი ზაქარიაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გიორგი ლაზუაშვილი კი სწორედ ზაქარიაძესთან დამარცხდა რეპეშაჟის ფინალში და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველაზე შედეგიანად იმერეთის გუნდი გამოვიდა – 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. თითო ჩემპიონი ჰყავთ: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, თბილისის, სამხრეთ ოსეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გუნდებს.

საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ძიუდოისტებით ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გუგავა იმ გაფართოებულ შემადგენლობას მოხაზავს, რომელსაც ბოსნია ჰერცეგოვინაში 20-22 სექტემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში საერთაშორისო ტურნირებსა და შეკრებებზე დააკვირდება.

 

ძიუდო

საქართველოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

თბილისი

1-2 ივნისი

 

55 კგ

1 მინდია ღოლიჯაშვილი (შიდა ქართლი)

2 ლერი ჭელიძე (იმერეთი)

3 ვანო ჯავახიშვილი (შიდა ქართლი)

3 სანდრო ხუციანიძე (თბილისი)

 

60 კგ

1 ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი)

2 გიგა ბერიაშვილი (ქვემო ქართლი)

3 ბექა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)

3 ზაზა როსტომაშვილი (კახეთი)

 

66 კგ

1 გელა კელიხაშვილი (თბილისი)

2 ზაზა სიმონიშვილი (შიდა ქართლი)

3 გიორგი გუგულაშვილი (შიდა ქართლი)

3 გიორგი მათიაშვილი (ქვემო ქართლი)

 

73 კგ

1 აპოლონ ზურაბიანი (რაჭა ლეჩხუმი)

2 თომა თავზარაშვილი (თბილისი)

3 ალექსი ნანიევი (კახეთი)

3 ომარ ნიაზაშვილი (თბილისი)

 

81 კგ

1 უჩა მარგიანი (იმერეთი)

2 ბექა დონღვანი (რაჭა ლეჩხუმი)

3 ზაურ მამარდაშვილი (კახეთი)

3 თემურ ხაჩიძე (თბილისი)

 

90 კგ

1 ილია მალვენიშვილი (კახეთი)

2 უშანგი გასიტაშვილი (შიდა ქართლი)

3 შოთა ჟორჟოლიანი (სამეგრელო ზემო სვანეთი)

3 მერაბ ქალდანი (ქვემო ქართლი)

 

100 კგ

1 თორნიკე ოთინაშვილი (სამხრეთ ოსეთი)

2 გიორგი სეტიელი (თბილისი)

3 კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი)

3 ავთანდილ სომხიშვილი (აფხაზეთი)

 

+100 კგ

1 როსტომ ხახალეიშვილი (იმერეთი)

2 გუგა კიბორძალიძე (იმერეთი)

3 გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი)

3 ამბროსი კონკროშვილი (თბილისი)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095232