ჭიდაობა

21:28 | 6.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

კლასიკოსები ლონდონში ექვსეულს ჩაიყვანენ

ჭიდაობაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მარათონი დღეს, ჰელსინკური ტურნირით დაიხურა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ფინეთში საერთოდ არ ჩასულა, რადგან ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით გამგზავრება ამ ტურნირამდეც განაღდებული ჰქონდა. ბერძენ-რომაელებმა კი შანსი მშვენივრად გამოიყენეს – ბეგი დარჩიას 4 შეგირდიდან 3-მა ოლიმპიური ნორმატივი შეასრულა. რევაზ ლაშხისა (60 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძის (84 კგ) დარად, ფინალში ჭიდაობის უფლება მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემაც მოიპოვა. ეს უკანასკნელი ხალიჩაზე დღეს გავიდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.
სალიცენზიო გზაზე ფერსელიძემ ბერძენი ქსენოფონ კუციუმპასი, ტაჯიკი მუროჯონ ტუიჩიევი და ბულგარელი ივან ივანოვი ჩამოიშორა. ლიცენზიის განაღდების შემდეგ კი ფინალში რუსეთის ნაკრების უხვტიტულა წევრთან, ჰასან ბაროევთან დამარცხდა.
ერთადერთი წონითი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მომავალ ოლიმპიადაზე მონაწილე არ ეყოლება, 55 კილოგრამია. შეგახსენებთ, ლაშხის, გეგეშიძისა და ფერსელიძის გარდა, ლონდონის საგზურები მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ) და სოსო ჯაბიძემ (96 კგ) მოიპოვეს, თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერავინ იტყვის, სწორედ ეს სპორტსმენები წავლენ ლონდონში თუ სხვა კანდიდატები. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამზადებელი ციკლის მიწურულს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიღებს.

ოთარ მაღლაკელიძე

0.165078