ჭიდაობა

12:50 | 26.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

კლასიკოსებმა ნიცაში 2 ვერცხლით დაიწყეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა მუხრან მაჭუტაძემ (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (84 კგ) ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონის, ანრი დელანის მემორიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ნიცაში მიმდინარე ორდღიანი საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს – 25 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდნენ. უმსუბუქეს და უმძიმეს წონებში ქართულ გუნდს მონაწილე არ ჰყავდა. დარჩენილ ორ წონაში მოჭიდავეებს კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
26 ნოემბერს მედლები 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება და საქმეში ხუთი ქართველიც ჩაერთვება: ქემალ ხარაბაძე (60კგ), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე 74კგ), ირაკლი ქაჯაია და სანდრო დიხამინჯია (96 კგ). ნიცას წინასწარ ქართულ განაცხადში რამაზ ნოზაძეც (96 კგ) იყო შეყვანილი, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს ოპტიმალურ ფორმამდე ჯერაც ბევრი უკლია და მისი ხალიჩაზე დაბრუნება სავარაუდოდ ამ მიზეზით გადაიდო.
საფრანგეთში გუნდი ოთარ ტატიშვილმა ჩაიყვანა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ კი უმთავრესი კანდიდატები მინსკში იახლა, ოლეგ კარავაევის სახელობის ტრადიციულ გუნდურ პირველობაზე საჭიდაოდ. შეჯიბრება ერთდღიანია, ჩემპიონ-პრიზიორები 26 ნოემბერს გამოვლინდებიან.
აქვე მინსკის ქართული შემადგენლობაც: ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), არჩილ თურმანიძე, ლაშა ლოლაშვილი (66 კგ), მანუჩარ ცხადაია (ორივე 74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ). ლოლაშვილი და შოთა გოგისვანიძე განაცხადში ბოლო დღეებშიღა ჩაამატეს, მას შემდეგ, რაც მანუჩარ კვირკველიასა (74 კგ) და სერგო გოგისვანიძის (120 კგ) ჭიდაობა გამოირიცხა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.167815