საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, ბეგი დარჩიამ და ზაზა თურმანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობები დაასახელეს. სეზონის უმთავრესი ტურნირი სტამბოლში 12-18 სექტემბერს გაიმართება. საქმეში პირველები კლასიკოსები ჩაერთვებიან და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს 12-14 სექტემბერს გამოავლენენ. თავისუფალი სტილის მიმდევრები კი ხალიჩაზე 16-18 სექტემბერს გავლენ.
ზაზა თურმანიძემ 60, 66 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში არჩევანი ზაფხულის დასაწყისში, თბილისში ჩატარებული ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირის შედეგების გათვალისწინებით გააკეთა - სტამბოლურ განაცხადში ტურნირის ჩემპიონები შალვა მუზიაშვილი (66 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი მალხაზ ზარქუა (60 კგ) შეიყვანა. სხვა წონებში კი ლიდერები თავად ჩამოწერა, თუმც, მწვრთნელის რჩეულთა გამოცნობას დიდი დაფიქრებაც არ სჭირდება - ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და ამავდროულად, უფროსებში ევროპის მოქმედი ვერცხლის პრიზიორები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ასევე ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონი, უფროსებში საქართველოს ჩემპიონი დავით ხუციშვილი (74 კგ) და ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონი გიორგი გოგშელიძე (96 კგ).
მსოფლიოს განაცხადში გოგშელიძის შეყვანა ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო. საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა მარტში გერმანიაში ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ამ ზაფხულს ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ ტურნირებზე ჭიდაობა ვერ მოასწრო.
ბეგი დარჩიამაც ნაწილობრივ გაითვალისწინა გივი კარტოზიას სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირის შედეგები. სპორტის სასახლეში წარმატებით მოჭიდავე შეგირდთაგან მან მსოფლიოს განაცხადში ჩემპიონები ლაშა გოგიტაძე (55 კგ) და ირაკლი ქაჯაია (96 კგ) და ვერცხლის პრიზიორი მანუჩარ კვირკველია (74 კგ) შეიყვანა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში წინასწარვე გადაწყვეტილი ჰქონდა ევროპის მოქმედი ჩემპიონის, რევაზ ლაშხის დაყენება. 66-ში გამოკვეთილი კანდიდატი არ არსებობდა, რადგან ამ წონის ორიოდ წლის წინანდელი ლიდერი მანუჩარ ცხადაია 74-ში დამკვიდრებას ცდილობდა. თბილისურ ტურნირზეც ამ წონაში იჭიდავა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. საბოლოოდ ცხადაიამ ისევ ძველ წონაში დაბრუნება გადაწყვიტა და სტამბოლური მსოფლიოს პირველობის საგზურიც მიიღო. 84 კილოგრამში თურქულ ხალიჩაზე ვლადიმერ გეგეშიძე გავა, რომელმაც ნახევარი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი კი უკვე სრულფასოვნად გაიარა და შიდა კონკურენციაში ისევ გალიდერდა. მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების თავკაცმა არჩევანი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ შოთა გოგისვანიძეზე შეაჩერა.
მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეულ წონით კატეგორიაში ექვს-ექვსი საუკეთესო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს. შესაბამისად, მიზნის მისაღწევად მინიმუმ რეპეშაჟის ფინალში ჭიდაობაა აუცილებელი. საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დასკვნით შეკრებებს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადიან.
ბეგი დარჩიას გუნდი თურქეთში 9 სექტემბერს გაემგზავრება. 12-ში მედლები 55, 66 და 96 კილოგრამებში გათამაშდება, 13-ში - 60, 84 და 120 კილოგრამებში, ხოლო 14-ში – 74 კილოგრამში.
ზაზა თურმანიძის შეგირდები სტამბოლში 14-ში ჩავლენ. ორიოდ დღეში მედლები 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, 17-ში ხალიჩა 60, 84 და 96 კილოგრამებს დაეთმობათ, 18 სექტემბერს კი წერტილს 66, 74 და 120 კილოგრამის მოჭიდავეები დასვამენ.
ოთარ მაღლაკელიძე