კალათბურთი

16:05 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობა კობიაშვილი: “ორიენტაცია ავიღეთ ადგილობრივ კადრებზე და გუნდში ეროვნული ნაკრების კანდიდატები დავაბრუნეთ”

რუსთავის საკალათბურთო გუნდმა ერთ–ერთმა პირველმა დაიწყო  მომავალი ჩემპიონატისთვის მზადება და ამჟამად ბათუმში შეკრებას გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ  ახალ სეზონს „რუსთავი“ გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. უფრო ვრცლად  გუნდში განხორციელებული ცვლილებების შესახებ,   რუსთავის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი კობა კობიაშვილი გვესაუბრება.

-  ბატონო კობა, როგორ მიმდინარეობს „რუსთავის“ მზადება ეროვნული პირველობისთვის?

-  გუნდი შეკრებაზეა ბათუმში, სადაც ყოველდღიურად ვარჯიშობს  და ემზადება მომავალი სეზონისათვის.

-  რა ცვლილებები განხორციელდა გუნდში?

 - მთავარმა მწვრთნელმა, ბატონმა ოთარ ხმელიძემ გვთხოვა ახალი სეზონიდან ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის გაგრძელება და დავით მაჭავარიანთან ერთად 20-წლამდე სპორტსმენებთან იმუშავებს.  

გამოთავისუფლებული ადგილი კი  საქართველოს 20 -წლამდე ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა  მიხეილ ბერუაშვილმა დაიკავა. მასთან ერთად დიდ გუნდს გაუძღვებიან ბადრი კიკვიძე,რამაზ გოგობერიშვილი და ირაკლი ჯაფარიძე.

ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ ადგილობრივ კადრებზე, დავაბრუნეთ გუნდში ეროვნული ნაკრების კანდიდატები აკაკი დვალიშვილი, მიხეილ ჭოჭუა და გოგა ცეკვავა. მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც რუსთაველები არიან. ერთადერთი გამონაკლისი ამერიკელი ლეგიონერი ჰამესია, იგი უკვე გუნდთან ერთადაა ბათუმში.

-  ზოგიერთი გუნდი და მოთამაშე უკმაყოფილებას გამოთქვამს არასაკმარისი დაფინანსების გამო,  თქვენთან რა მდგომარეობაა?  

- არ მსურს სხვა გუნდებზე საუბარი, ჩვენ წლის დასაწყისში რაც დაგვიმტკიცა ქ.რუსთავის მერიამ იმ თანხას ვიმყოფინებთ, ეს თანხა კი ბევრად ნაკლებია სხვა გუნდების ბიუჯეტზე.

 აქვე გუნდის სახელით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის მერს დავით ჯიქიას და რუსთავის საკრებულოს თანადგომისათვის, მათი დამსახურებაა, რომ წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად ქცეული ქიმიკოსთა სპორტული არენის არათუ ელემენტარული შეკეთება, არამედ კაპიტალური რემონტი დაიწყო და მალე დამთავრდება კიდეც.

-  კერძო კომპანიებისთვის თუ მიგიმართავთ გუნდის დაფინანსებასთან დაკავშირებით?

-   ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. უახლოეს ხანში გაფორმდება ხელშეკრულება  საქართველოში მოღვაწე ერთ–ერთ აზერბაიჯანულ– თურქულ კომპანიასთან. ყველამ ვიცით რა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართულ ფეხბურთს და ჭადრაკს კომპანია „სოკარი“. კარგი იქნება თუ ქართული კომპანიებიც შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგებიან ქართულ სპორტს.

-  ახალგაზრდებს თუ მიეცემათ დიდ გუნდში სათამაშო დრო?

- რა თქმა უნდა, ახლა შეკრებაზე გუნდთან ერთადაა  ორი ძალზედ პერსპექტიული და იმედისმომცემი ახლგაზრდა - თორნიკე ქიტოშვილი და გიგი გოგობერიშვილი.

-  რა მიზნები გაქვთ მომავალ სეზონში?

- ვფიქრობ ოთხეულში მოხვედრას შევძლებთ.

 

ს/კ „რუსთავის“ პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098146