ტურინის “იუვენტუსის” თავკაცი ანტონიო კონტე “ოქროს სკამის” პრიზის მფლობელი გახდა, როგორც 2011-2012 წლების სეზონის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი.
“ოქროს სკამი” ყოველწლიური პრემიაა, რომელიც იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელს მის კოლეგებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გადაეცემა. ის 1990-1991 წლების სეზონიდან არსებობს და ამ ხნის განმავლობაში, კონტე “იუვენტუსის” მეორე მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროს სკამის” ლაურეატი გახდა. ხსენებულ ჯილდოს 1994-1995 და 1995-1996 წლების სეზონებში მარჩელო ლიპი ფლობდა.
შარშან “ოქროს სკამი” “უდინეზე” დამრიგებელს ფრანჩესკო გვიდოლინს გადაეცა. 2012 წელს, 9-წლიანი შესვენების შემდეგ, “იუვეტუსმა” სერია A მოიგო და კონტეს აღიარებაც ამითაა განპირობებული.
სერია B-ს საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი - “ვერცხლის სკამი” - ზდენეკ ზემანმა მიიღო, რომელიც გასულ სეზონში “პესკარას” ხელმძღვანელობდა.