24-25 მარტს რიგა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირს – “ფრეიდენფელდსის თასს” უმასპინძლებს. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელების - ნუგზარ სხირელისა (თავისუფალი) და ვლადიმერ ადეიშვილის (ბერძნულ-რომაული) გადაწყვეტილებით, შეჯიბრებაში ჩვენი ნაკრებები გაფართოებული შემადგენლობებით გამოვლენ.
ქართული დელეგაცია ლატვიაში ოთხშაბათს გაემგზავრება. ფედერაციის გენერალური მდივნის, მალხაზ ჯორბენაძის თქმით, რიგაში ლეიბზე 34 ქართველი გავა. მწვრთნელებმა არჩევანი ორიოდ თვის წინ ჩატარებული საქართველოს პირველობის ჩემპიონ-პრიზიორებზე შეაჩერეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი “ფრეიდენფელდსის თასზე” მსაჯადაა მიწვეული. ედიშერ მაჩაიძე კი სულაც, ტურნირის დელეგატი იქნება.
ლატვიიდან დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდული ნაკრებები მოსამზადებელ შეკრებებზე გადაერთვებიან. 25-28 აპრილს კი, მორიგ საერთაშორისო ტურნირზე – “აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე” იჭიდავებენ.
წლეულს ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატი 19-24 ივნისს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება, ხოლო მსოფლიოს პირველობას 4-9 სექტემბერს, ტაილანდის ქალაქი პატაია უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე