იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტური “სტადიო ოლიმპიკოზე” დაიწყო. “რომასა” და “ვერონას” მატჩში უპირატესობას რომაელები ფლობდნენ, თუმცა რუდი გარსიას გუნდმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო 15 წუთში გაირკვა.
მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდნენ ანდრეა მანდორლინის მოთამაშეები. შიგადაშიგ ცდილობდნენ მწვავე იერიშების განხორციელებას. მეორე ტაიმში იყო ასეთი ეპიზოდი, როცა სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს. ტაჩციდისმა შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთს არავინ შეხებია და მცირე მანძილით ჩაუარა დე სანკტისის კარს.
თამაშის მიწურულს მოედანზე ლუკა ტონი გამოვიდა. ცდილობდა სტუმართა დაცვის ხაზის შევიწროებას, თუმცა “რომას” დაცვა კარგად თამაშობდა, დამაჯერებელი იყო იანგა-მბივა.
75- ე წუთზე მოლდოველი იონიტასა და ფლორენცის ორთაბრძოლას იტალიელის კარში დარტყმა მოჰყვა. ოდნავ მოულოდნელი იყო ამ სიტუაციაში ჰელასელთა კარისკენ დარტყმა, მაგრამ ფლორენცის გადაწყვეტილებამ გაამართლა. ძალიან ზუსტად, ძლიერად და ამასთან მოულოდნელად დარტყმული მეკარისთვის სირთულეებს ქმნის. "მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე პიერლუიჯი გოლინი გადახტა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა.
ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნი” მოსკოვის “სპარტაკს” ეთამაშებოდა. თამაში მოსკოვში იყო, ძალიან ციოდა და ჯოვანის ელბერს შავი ხელთათმანები ეკეთა. ოლივერ კანმა თამაშში შეიყვანა ბურთი, რომელიც ბრაზილიელს მიუვიდა, მანაც სწრაფად დაარტყა და რომანცევის გუნდს გაუტანა. დესტროს გოლისას ელბერის გოლი გამახსენდა.
თითქმის ანალოგიურ ვითარებაში გაიტანა დესტრომ, ასისტენტად დე სანკტისი მოგვევლინა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ იტალიელმა 19 წლის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
“ატალანტამ” წააგო, თუმცა კარგად ითამაშა. კარგად იცავდნენ თავს ეპიზოდებში, კარგად ამოჰქონდათ ბურთი და სწრაფ კონტრშეტევებსაც ავითარებდნენ, თუმცა ეპიზოდურად.
“იუვენტუსი” კარგად უტევდა, ზონებს აკონტროლებდა, პირველ გოლამდე უჭირდა მეტოქის საჯარიმოსთან ბურთის გორება, მაგრამ ბერგამოელებს შეუზღუდა სივრცეები და გოლიც გაუტანა.
კოლანტუნოს გუნდი პირველი გოლის შემდეგ თითქოს გატყდა, მაგრამ მერე უფრო თავისუფლად ათამაშდა. მეორე ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, უფრო ამოძრავდნენ, პენალტიც მოიპოვეს, მაგრამ დენისმა ვერ გაიტანა. მალევე კონცენტრაცია დაცვაში დაკარგეს და გოლებიც მიიღეს.
რა მოხდებოდა დენისის გოლის შემდეგ რთული სათქმელია, მაგრამ ალეგრის გუნდს გასვლაზე, ბერგამოში მოგება ძალიან გაუჭირდებოდა.
"იუვეს" ადვილად არ მოუგია, მაგრამ ფაქტია ტურინული კლუბი კარგ ფორმაშია, ამდენი მოგების შემდეგ ფსიქოლოგიურად კარგი განწყობით გავიდნენ მოედანზე, თუმცა მთავარი განსხვავება მაინც კლასშია. "იუვე" უფრო მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მხოლოდ მოტივაციით კლასით მაღლა მდგომს ქულები დააკრგვინო.
ტურინელთაგან გამოვარჩევდი ტევესს, ხოლო მასპინძელთაგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 22 წლის მარცხენა მცველმა ზაპაკოსტამ, რომელიც სერია ა-ში პირველ სეზონს ატარებს.
“რომა” – “ვერონა” 2:0 (0:0)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო.”
რომა: დე სანკტისი, კოული, დესტრო, კეიტა, ლიაიჩი (ჟერვინიო 57 ), მაიკონი, მანოლასი, ნაინგოლანი (პარედესი 83 ), პიანიჩი, ტოტი (ფლორენცი 67 ), იანგა-მბივა
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია
ვერონა: გოლინი, ბრივო, გომესი, იონიტა, იანკოვიჩი (ვალოტი 83 ), მარკესი, მორასი, ნენე (ტონი 71 ), ობადი (კამპანიარო 43 ), სორენსენი, ტაჩციდისი
მთავარი მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლი: 1:0 ფლორენცი (75), 2:0 დესტრო (86)
მსაჯი: კარმინე რუსო
გაფრთხილება: ნენე (38), მანოლასი (45)
“ატალანტა” – “იუვენტუსი” 0:3 (0:1)
ბერგამო, “ატლეტი აძური დ’იტალია.”
ატალანტა: სპორტიელო, ბასელი (ჩიგარინი 65), ბენალუნე, ბიავა, ბოაკიე, კარმონა, დენია, დრამე, ესტიგარიბია (მოლინა 49), გომესი (ბიანკი 75), ზაპაკოსტა
მთავარი მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუნო
იუვენტუსი: ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, ლიხშტაინერი, ლორენტე (მორატა 67), მარკიზიო, ოგბონა, პოგბა, ტევესი (კომანი 86), ვიდალი (პერეირა 70)
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლი: 0:1, 0:2 ტევესი (35, 59), 0:3 მორატა (83)
მსაჯი: დანიელე ორსატო
გაფრთხილება: ბენალუნე (20), მარკიზიო (30), კიელინი (58), მოლინა (73), ევრა (75)
59-ე წუთზე დენისმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
დიმა შარიქაძე