27-29 აპრილს, ჩინეთის ქალაქ ტაიუანში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთი სპორტსმენით ჩაერთვება, ბერძენ-რომაელთა ნაკრებს კი ხუთი მონაწილე ეყოლება. საუბარია იმ წონით კატეგორიებზე, რომლებშიც ქართველ მოჭიდავეებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ჯერ არ მოუპოვებიათ.
ზაზა თურმანიძის გუნდს სალონდონოდ სრული შემადგენლობის შეკვრას 66 კილოგრამის ლიცენზიაღა აშორებს. ახლახან, სოფიაში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ამ წონაში ხალიჩაზე ზურაბ იაკობაშვილი გავიდა, მაგრამ ფინალს ვერ უწია. ტაიუანში კი საქმეში ნაკრების გამოცდილი წევრი ოთარ თუშიშვილი ჩაერთვება. შეგახსენებთ, სოფიაში ლიცენზიები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) მოიპოვეს, ხოლო მალხაზ ზარქუამ (60 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) მიზანს ჯერ კიდევ შარშან მიაღწიეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ბერძენ-რომაელთა ნაკრებში ოლიმპიური ნორმატივი მხოლოდ მანუჩარ ცხადაიას (66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილს (74 კგ) აქვთ შესრულებული. კლასიკოსთა თავკაცმა ბეგი დარჩიამ ზაზა თურმანიძისგან განსხვავებული ტაქტიკა აირჩია - ნაკრების უმთავრესი კანდიდატები ბულგარულ ტურნირზე დაასვენა და ჩინეთში იახლა. ტაიუანში საქართველოს დროშის ქვეშ ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) იჭიდავებენ.
ჩინურ ტურნირზე ოლიმპიურ ლიცენზიას თითოეული წონითი კატეგორიის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს. ფინალისტები ლონდონის საგზურს ავტომატურად გაინაღდებენ, მესამეადგილოსნებს კი ერთმანეთთან მოუწევთ დაჭიდება. თუკი ოლიმპიურ ქვოტაში ისეთი სპორტსმენი მოხვდება, რომელსაც ოლიმპიადაზე გამგზავრება ამ შედეგის გარეშეც განაღდებული აქვს, მაშინ ლიცენზია ერთი საფეხურით დაბლა მდგომს გადაეცემა.
სალიცენზიო მარათონს მოჭიდავეები 4-6 მაისს დაასრულებენ, ჰელსინკიში გასამართი ტურნირით. ფინეთის დედაქალაქში ლიცენზიის მოსაპოვებლად ფინალში გასვლა იქნება საჭირო.
ოთარ მაღლაკელიძე