ჭიდაობა

17:57 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ადგილი “ნახჭევანის თასზე”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ ნახჭევანში გამართულ საერთაშორისო გუნდურ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ადეიშვილმა აზერბაიჯანში. საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი იახლა. აქვე შემადგენლობაც: ირაკლი შავაძე (50 კგ), ედნარ შავაძე (55 კგ), ხვიჩა ჭითავა (60 კგ), ფირუზ წულუკიძე (66 კგ), ლაშა გობაძე (74 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ), კუკური კირცხალია (96 კგ), იაკობ ქაჯაია (120 კგ).

ტურნირში სულ 8 გუნდი ჩაერთო, რომლებიც ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა თურქეთთან, უკრაინასთან და ნახჭევანის გუნდთან ერთად. შეჯიბრების მიმომხილველი ერთ-ერთი აზერბაიჯანული ვებ-გვერდის ცნობით, ქართველებმა თურქებს 6:2 მოუგეს, ნახჭევანელებთან 3:5 დამარცხდნენ, ბოლოს კი უკრაინელებს 5:2 აჯობეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რითაც საბოლოო მესამე ადგილისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს.

A ჯგუფში მეორე პოზიციაზე რუსეთის ნაკრები გავიდა და “ბრინჯაოს ფინალში” ერთმანეთს ქართველები და რუსები დაუპირისპირდნენ. ადეიშვილის შეგირდებს საპრიზო სამეულში შესვლა არ გასჭირვებიათ – 7:1 იმარჯვეს.

ფინალში კი ნახჭევანისა და აზერბაიჯანის შეხვედრა ფრედ - 4:4 დასრულდა და დამატებითი მაჩვენებლის ხარჯზე ჩემპიონის ტიტული ტურნირის მასპინძელი ქალაქის გუნდს ერგო.

2-7 ივლისს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები მაკედონიურ სკოპიეში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ.

 

0.099053