ჭიდაობა

17:23 | 13.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

მეხუთე ადგილი ექვს გუნდში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მოსკოვში, ევროპის თასზე ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. ზაზა თურმანიძის გუნდმა ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 12 ნოემბერს, ჯგუფურ ეტაპზე რუსეთთან და თურქეთთან წააგო და 13-ში მეორე ქვეჯგუფის აუტსაიდერ ბელარუსს დაუპირისპირდა.
მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში ნაკრები კაცნაკლული ჩაერთო. 66 კილოგრამში მოჭიდავე მალხაზ ზარქუამ ხალიჩაზე გასვლა თურქეთთან დაპირისპირებისას მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო. ბელარუსებმა ერთადერთი ქულა სწორედ ამ წონაში მოიპოვეს. დანარჩენ ექვს წონაში კი გამარჯვება ქართველებს დარჩათ. გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) სერგეი ერმაკოვს სძლია, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ) – კირილ რაჟკოვს, გელა საღირაშვილმა (74 კგ) – რომან სოლტანს, დავით ხუციშვილმა (74 კგ) – ალან ბზიკაუს, დავით მარსაგიშვილმა (96 კგ) – ალექსეი დუბკოს, ხოლო გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) – ვადიმ შვედოვს.
თასს ტურნირის მასპინძლები დაეუფლნენ. ფინალში მათ აზერბაიჯანი 4:3 დაამარცხეს. მესამე ადგილზე კი თურქეთის 5:2 მომგები ბულგარეთი გავიდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც რუსულ-აზერბაიჯანული ფინალი შედგა და მასპინძლებმა 7:0 იმარჯვეს.
ევროპის თასზე საქართველოს ნაკრების 7 წევრიდან 4-მა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მალხაზ ზარქუამ, დავით ხუციშვილმა და დავით მარსაგიშვილმა მშობლიურზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა იჭიდავა. შესაბამისად, ჩვეულად წარმატებულად გამოსვლა გაუჭირდათ. საინტერესოა, რა აზრი ჰქონდა ამ ექსპერიმენტებს და მოსკოვურ გუნდურ ტურნირზე უამბიციოდ ჩასვლას. თუკი ეს გადაწყვეტილება სპორტსმენებისთვის სატურნირო გამოცდილების გასახსენებლად მიიღეს, მაშინ ეგებ ჯობდა, განსხვავებულ წონით კატეგორიებში არა მოსკოვში, არამედ თბილისში ეჭიდავებინათ, ათიოდ დღეში ჩასატარებელ საქართველოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, ეს ოთხი მოჭიდავე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საქართველოს პირველობაზე გამოსვლისგან გაათავისუფლა.


ოთარ მაღლაკელიძე

0.095851