ჭიდაობა

13:48 | 11.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს თასი ჩემპიონებმა დააღალატეს

12-13 მაისს, ბაქოში ჩასატარებელ ტრადიციულ მსოფლიოს თასზე რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოვა. შარშანდელი ტურნირის ჩემპიონებმა აზერბაიჯანში ექსპერიმენტული შემადგენლობა იახლეს და უკვე ოფიციალურ კომენტარებშიც განაცხადეს, რომ ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. რუსული განაცხადის ყველაზე ტიტულოვანი წევრი ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი რასულ მურთაზალიევია (66 კგ).
რუსეთის ნაკრებისა და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა აზერბაიჯანში გადახალისებული გუნდის გამგზავრების უმთავრეს მიზეზად ქვეყნის ჩემპიონატი დაასახელეს, რომელიც 25-27 მაისს, სანქტ პეტერბურგში უნდა გაიმართოს. სწორედ შიდა პირველობის შედეგებით დაკომპლექტდება ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელი შვიდეული.
ბაქოს “დიდ პრიზზე” სულ 10 ქვეყნის ნაკრები იჭიდავებს. მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელიც აზერბაიჯანულ ხალიჩაზე 3 გამოცდილი მოჭიდავის: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55 კგ), ოთარ თუშიშვილისა (66 კგ) და გიორგი გოგშელიძის (96 კგ) გარეშე გავა.
ტურნირის წილისყრა დღეს საღამოს შედგება და მონაწილეები ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ჩატარების შემდეგ პირველადგილოსნები ერთმანეთს მსოფლიოს თასის ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები საბოლოო მესამე ადგილის დასაკავებლად იჭიდავებენ
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.097243