უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რაფა ნადალი კორტს ტრიუმფულად დაუბრუნდა. “მალიორკელმა ბუღამ” წლეულს 3 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და სამივეში გაიმარჯვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მოგებაა. კალიფორნიის შტატის შეჯიბრების ფინალში რაფამ არგენტინელ დელ პოტროს 4:6, 6:3, 6:4 მოუგო, კარიერის 53-ე ტურნირი მოიგო, მასტერზებზე კი 22-ედ იმარჯვა. ამასთან ნადალმა მილიონი დოლარი და ათასი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ინდიან უელსის ფინალში მეტოქეებმა საწყის 2 სეტში მოგება “გაცვალეს”, გადამწყვეტ პარტიაში კი ნადალმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოგებამდე დამაჯერებლად მიიყვანა. შეხვედრა 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ნადალისა და დელ პოტროს ურთიერთშეხვედრებში ესპანელი 8:3 დაწინაურდა.რაფა ნადალმა კარიერის განმავლობაში 600-ე მატჩი მოიგო.
“ბოლო 7 თვის განმავლობაში თავს ბევრი არასასიამოვნო რამ გადამხდა, ამიტომაც დღევანდელი წარმატება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. მე ხომ ტოპათეულის 3 ჩოგბურთელს ვძლიე. იმედია, ყველა უსიამოვნება წარსულს ჩაბარდა. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე პერიოდში გვერდით დამიდგნენ”, - განაცხადა რაფამ ინდიან უელსის ტურნირის მთავარი პრიზის გადაცემის ცერემონიალზე.
“რაფამ სავსებით დაიმსახურა ეს გამარჯვება. მეორე და მესამე სეტებში იგი ძალიან კარგად თამაშობდა. გარდატეხის შეტანას კი ვეცადე, მაგრამ ნადალმა საამისო შანსი არ დამიტოვა. ფინალში წაგების მიუხედავად, ინდიან უელსში გამოსვლას წარმატებულად მივიჩნევ”, - 24 წლის “დელპო” გადამწყვეტ მატჩში დამარცხების მიუხედავად უკმაყოფილო არ ჩანდა.
ამასობაში დადასტურდა, რომ ნადალი მომდევნო “მასტერზ1000”-ს გამოტოვებს – მაიმიში არ იასპარეზებს. “რაფას ფლორიდაში თამაში კი უნდა, მაგრამ სეზონის სხვა მნიშვნელოვანი ასპარეზობებისთვის უკეთ მოსამზადებლად ამგვარი გადაწყვეტილება მივიღეთ”, - ტონი ნადალი ეს სიტყვები ესპანურ პრესას მოჰყავს.