ფეხბურთი

23:11 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების ვარჯიში - ბოლო დღე დუბლინში წასვლამდე

გიორგი ფოფხაძე: ""ვიბორგის" პრეზიდენტმა ადრე თქვა, შენთვის ჩვენი კლუბის კარი ღია იქნებაო. ვნახოთ" 

საქართველოს ნაკრებმა "ბასაზე" ვარჯიში 18:00 საათზე დაიწყო. წვრთნა საათნახევარს გაგრძელდა. თავიდან, მსუბუქი ბურთის გათამაშების შემდეგ იყო ტრადიციული "კვადრატები" და მერე კარგა ხანს, "ორკარა" ნახევარ მოედანზე.

როგორც იცით, ნაკრებში მხოლოდ ერთი დებიუტანტია - ნახევარმცველი მერაბ გიგაური ქუთაისის "ტორპედოდან", რომელმაც, უნდა ითქვას, ამ "ორკარაში  კარგად წარმოაჩინა თავი.

ერთი, რაც აშკარად ჩანდა, დიდი ალბათობით, ქეცბაია გამთამაშებლის ადგილზე ჯანო ანანიძეს დააყენებს - მას სხვა ფერის მაისურა გადააცვა და პასების განაწილება დაავალა.

ნაკრებში თავდამსხმელი მხოლოდ ნიკა გელაშვილია და "ორკარას" დროს, მეორე გუნდში ყველაზე წინ "ზესტაფონის" ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი თამაშობდა.

"მსოფლიო სპორტი" აზერბაიჯანული "ბაკის" მცველ გიორგი ფოფხაძეს გაესაუბრა:

- როგორც ვიცით, ნაკრებს ვარჯიშის პირველივე დღიდან შეუერთდით.

- დიახ, ასეა. აზერბაიჯანიდან ჩამოვედი და პირველივე დღიდან ვვარჯიშობ. კარგად ვემზადებით, ინტენსიურად. დღეს უკვე თითქმის მთლიანად შეიკრიბა გუნდი. ვეცდებით, ამ გასვლით შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

- დანიის კლუბში კარგა ხანს თამაშობდით, 5 ივნისს კი მათთან გელით შეხვედრა.

- დანიის ნაკრების სია არ ვიცი, ისე კი, ძალიან მინდა მათ წინააღმდეგ თამაში. ბევრ მათგანთან ადრეც მექნება ნათამაშევი, როცა "ვიბორგში" ვიყავი.

- "ბაკიში" განვლილ სეზონს როგორ შეაფასებდით?

- ევროპის ლიგაზე ვერ გავედით, თასის ნახევარფინალიდანაც გავვარდით. ახლა არ ვიცი, დავრჩები გუნდში, თუ წავალ. კონტრაქტი 10 ფეხბურთელს დაგვიმთავრდა და 9 გაუშვეს. მხოლოდ მე დავრჩი, ოღონდ, ჯერჯერობით.

- გაქვთ ვარიანტები?

- ასე კონკრეტული ჯერ არა, მაგრამ საუბრის დონეზე ვიცი დანიის უმაღლესი ლიგისა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე. "ვიბორგის" პრეზიდენტმა ადრე თქვა, შენთვის ჩვენი კლუბის კარი ღია იქნებაო. ვნახოთ. ისე, "ვიბორგი" დანიის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და ეს ძალიან კარგია.

- საქართველოს კლუბებიდან არ გაქვთ შემოთავაზება?

- საქართველოში, შესაძლოა, არც იციან, რომ "ბაკისთან" კონტრაქტი დასრულებული მაქვს. 

 

 

0.084259