“დინამო”-“ოლიმპის” მატჩით დასრულდა კალათბურთში საქართველოს თასის მე-12 გათამაშების მეოთხედფინალური სერია. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტად მიჩნეულმა “დინამომ” მეორე მატჩში საკმაოდ იოლად მოუგო “ოლიმპს”, სერიაში 2:0 გაიმარჯვა და “ქუთაისი-2010”-თან, “არმიასა” და “სოხუმთან” ერთად ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში “დინამო” “სოხუმს” დაუპირისპირდება, ხოლო “ქუთაისი-2010” “არმიას” ეთამაშება. გულშემატკივრები დაგვეთანხმებიან, რომ ნახევარფინალში უაღრესად საინტერესო მატჩებია მოსალოდნელი.
დავუბრუნდეთ “დინამო”-“ოლიმპის” დაპირისპირებას. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა “დინამოს” 10 ქულიანი სხვაობით 64:54 ჰქონდა მოგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, “ოლიმპს” რევანშისთვის უნდა ეზრუნა. დავით თორთლაძის შეგირდები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ოთხი ლეგიონერით (ქიენ კარტერი, სტევან მილოშევიჩი, მილოშ პესიჩი, ბოშკო სტოიაკოვიჩი) გაძლიერებული მეტოქის წინაშე ვერაფერს გახდნენ და დიდი ანგარიშით 89:42 დამარცხდნენ.
ამ შეხვედრაში, პირველი შეხვედრა ჩაატარა “დინამოს” ახალმა ლეგიონერმა სტოიაკოვიჩმა, რომელმაც 13 წუთსა და 49 წამში 8 ქულა დააგროვა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი “დინამოს” ფორვარდი ზვიად ანთაძე იყო, რომელმაც 20 წუთსა და 12 წამში 25 ქულა დააგროვა. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა მისმა თანაგუნდელმა მილოშევიჩმა, რომელმაც მორიგი დუბლი ამჯერად 12 ქულითა და 11 მოხსნით დააფიქსირა.
“ოლიმპის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 9 ქულა ცენტრალურმა თავდამსხმელმა რევაზ ათანელიშვილმა დააგროვა.