ჭიდაობა

22:02 | 21.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ბრინჯაო და ერთი ლიცენზია

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზიაა. პირველი ჯერ კიდევ შარშან, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე. მეორემ კი ოლიმპიური ნორმატივი ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ) დღეს, სოფიაში შეასრულა.
ბულგარულ სალიცენზიო ტურნირზე დათუნაშვილმა საწადელს სამი შეხვედრის მოგებით მიაღწია – უნგრელი პეტერ ბაკშის, ჩეხი ტომაშ სობეცკისა და რუმინელი იონელ პუსკასუს ძლევით ფინალში გავიდა და ლონდონის საგზური გამოიმუშავა. საჩემპიონო შეხვედრაში კი დანიელ მარკ ოვერგაარდ მადსენს სძლია და ლიცენზიასთან ერთად ოქროს მედლითაც გაიხარა.
დღესვე ბულგარულ ხალიჩაზე ბეგი დარჩიას გუნდის კიდევ სამი წევრი გავიდა, მაგრამ ფინალამდე მისვლა ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ფირუზ წულუკიძე (60 კგ) ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო გოდერძი დავითაძე (55 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) კი საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.
წულუკიძე რეპეშაჟშიც გადაერთო, რადგან მისმა მომგებმა – ფინელმა მატი ტაპიე კეტუნენმა ფინალში გააღწია. ბრინჯაოს გზაზე ქართველმა მოლდოველი დონიორ ისმაილოვი და ბერძენი ვლადიმიროს მატიასი ჩამოიშორა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
დავითაძისთვის დაუძლეველი ბარიერი ფინელი იანი ჰააპამაკი აღმოჩნდა, ხოლო ნადარეიშვილისთვის - ფრანგი მელონინ ნუმონვი.
ხვალ მედლები და ლიცენზიები კლასიკოსთა დარჩენილ ორ წონაში – 96 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ სანდრო დიხამინჯია და სერგო გოგისვანიძე იჭიდავებენ.

ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი
სოფია
21 აპრილი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

55 კგ

1 ჰააკან ერიკ ნიბლომი (დანია)
2 ალექსანდრ კოსტადინოვი (ბულგარეთი)
3 რომან ამოიანი (სომხეთი)
3 ანარ ზეინალოვი (ესტონეთი)

60 კგ
1 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 მატი კეტუნენი (ფინეთი)
3 ფირუზ წულუკიძე (საქართველო)
3 იშტვან კოზაკი (უნგრეთი)

66 კგ
1 სტივ ფრანსუა ფაბიენ ჟენო (საფრანგეთი)
2 ედგარას ვენსკაიტისი (ლიტვა)
3 ემილიან ტოდოროვი (ბულგარეთი)
3 ვიტალი რაჰიმოვი (აზერბაიჯანი)

74 კგ
1 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)

2 მარკ ოვერგაარდ მადსენი (დანია)
3 ილიან ტოდოროვ გეორგიევი (ბულგარეთი)
3 პეტერ ბაკში (უნგრეთი)

84 კგ
1 ვასილ რაჩიბა (უკრაინა)
2 ამერ ჰრუსტანოვიჩი (ავსტრია)
3 არა აბრაჰამიანი (სომხეთი)
3 თეოდოროს ტუნუსიდისი (საბერძნეთი)

თავისუფალი ჭიდაობა

120 კგ
1 დანიელ ლიგეტი (უნგრეთი)
2 ტაჰა აკგული (თურქეთი)
3 რარეს დანიელ ჩინტოანი (რუმინეთი)
3 ბართლომეი ბარინიცკი (პოლონეთი)

ოთარ მაღლაკელიძე

0.099829