ჭიდაობა

1:05 | 23.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ბრინჯაო და ორგანიზატორების “სიურპრიზი”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ ამ ასაკობრივ ჯგუფში დაგროვილ უკვე მდიდარ მონაგარს პოლონეთში გუშინ დასრულებულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი მიამატა. ცნობისთვის, ამჯერად ზოიძე 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაჩემპიონდა. შარშან იგი ერთი წონით დაბლა – 42 კილოგრამში ჭიდაობდა და თავი ევროპული ბრინჯაოთი და მსოფლიოს ოქროთი გამოიჩინა.
კატოვიცეს ხალიჩაზე რამაზ ზოიძემ ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. სომეხ არტურ სიმონიანთან ბრძოლა პირველი წაგებული სეტის შემდეგ შეატრიალა სათავისოდ. ფინელ მიკო პელტოკანგასსა და თურქ ბატუჰან ბოზკურტს გაცილებით იოლად მოუმთავრა საქმე. ფინალში კი აზერბაიჯანელ მიხაილ რახმანოვს სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში აჯობა.
გუშინვე, პოლონურ კვარცხლბეკზე ნიკა გავაშელიც (76 კგ) ავიდა. იტალიელი ჯაკომო ჯიუფრიდას, ხორვატი მარიო მიხალისა და უკრაინელი არტემ სუროვიაგინის უიოლესად ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში თურქ ფათიჰ ჩენგიზთანაც მშვენივრად დაიწყო – პირველი სეტი 6:0 მოიგო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. რეპეშაჟის ფინალში კი ჩენგიზის ჯავრი ჩეხ დომინიკ დობეშზე იყარა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გიორგი ხუჭუას (54 კგ) სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის სახელით მოჭიდავე აზნაურ ოტევოვთან წაგებით. “ბრინჯაოს ფინალში” კი გერმანელ კრისტოფერ კრაემერთან დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ ორ შეხვედრამდე ხუჭუამ სამი მეტოქის დამწუხრება მოასწრო – საწყისი ეტაპიდან ნახევარფინალამდე ნორვეგიელი მორტენ ტორესენი, ბელარუსი ვლადიმირ საიკოუ და ლატვიელი ნიკიტა მასიუკსი ჩამოიცილა.
საქმე ჭიდაობასთან გვაქვს და აბა როგორ იქნებოდა, საორგანიზაციო საკითხებში შექმნილ პრობლემას არ გადავყროდით - ევროპირველობის მიმომხილველ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის სატურნირო ბადე მხოლოდ სანახევროდაა შევსებული. არსებული მონაცემით, ქართველმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ პოლონელ კასპერ ვოლეკს ორ სეტში, ძალიან ადვილად მოუგო და მეოთხედფინალში რუს სერგეი სემენოვს უნდა დაჭიდებოდა...

ოთარ მაღლაკელიძე

0.095097