ჭიდაობა

18:02 | 4.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაო მეორე შემადგენლობით

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ირანის ქალაქ ქომში ჩატარებულ "იადეგარ იმამის თასზე" ორი მედალი მოიპოვა.
მოახლოებული ევროპირველობის გამო, ქართული გუნდი საერთაშორისო ტურნირზე წონის ლიდერების გარეშე გამოვიდა. 10-კაციანი შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანად მარად აბულაძემ (66 კგ) და მიხეილ ქაჯაიამ (96 კგ) იჭიდავეს. ორივე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. აბულაძე საჩემპიონო ბრძოლას პირველივე წრეში გამოეთიშა, მომავალ ჩემპიონთან – ირანელ ალი მოჰამადთან წაგების გამო და რეპეშაჟში სამი შეხვედრა მოიგო. ქაჯაია კი ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდა და პირდაპირ “ბრინჯაოს ფინალზე” გადაერთო.
შმაგი გულიაშვილს (74 კგ) კვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. გოდერძი დავითაძემ (55 კგ) და გიორგი ცირეკიძემ (84 კგ) ტურნირი მეშვიდე ადგილით დაასრულეს, ხოლო ფირუზ წულუკიძე (60 კგ), მამუკა ხოზრევანიძე (66 კგ), არსენ კახაბრიშვილი (84 კგ), ამირან ზარნაძე და მათე სოფაძე (ორივე 96 კგ) შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.
“იადეგარ იმამის თასზე” ექვსი ქვეყნის ნაკრები გამოვიდა: საქართველო, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი. საერთო გუნდურ ჩათვლაში მასპინძლები დიდი უპირატესობით გაჩემპიონდნენ. მოსალოდნელიც იყო, რადგან ირანელებმა 73-კაციანი შემადგენლობით იჭიდავეს. მეორე-მესამე პოზიციები ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა დაიკავეს, ქართულ გუნდს კი მეოთხე ადგილი ერგო.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.090422