ბერძენ-რომაელთა ბელგრადული ევროპირველობის პარალელურად, თეირანმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს დიდ პრიზს უმასპინძლა. ტახტის თასად წოდებულ ირანულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამო გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა.
ტახტის თასზე მონაწილეობა საქართველოს, ირანის, რუსეთის, მონღოლეთის, ყაზახეთისა და ერაყის ნაკრებებმა მიიღეს. მასპინძლებმა ტრადიციულად ყველაზე მრავალრიცხოვანი – 51-კაციანი გუნდი გაიყვანეს ხალიჩაზე. ქართული დროშის ქვეშ კი 12-მა სპორტსმენმა იჭიდავა და 2-მა მათგანმა მედლის მოპოვებაც შეძლო.
ყველაზე შედეგიანად ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) იჭიდავა, რომელმაც ორი ირანელის – ჯაფარ დალრისა და ელიას ბახტიარის და რუსი ისლამ გაჯიევის ძლევის შემდეგ, ჩემპიონობის შანსი კიდევ ერთ მასპინძელთან - აბას ტაჰანთან წაგებით დაკარგა.
55 კილოგრამში საქმეში გიორგი ედიშერაშვილი და ლაშა ლომთათიძე ჩაერთვნენ და ისე მოხდა, მათი გზები რეპეშაჟის ფინალში გადაიკვეთა. ძირითად ბადეში ორივე ჩვენებური მომავალ ჩემპიონთან, ტიტულოვან რუსთან, ნარიმან ისრაპილოვთან დამარცხდა. საბოლოოდ, ქართულ დაპირისპირებაში ედიშერაშვილმა იმარჯვა და მესამე ადგილზე გავიდა, ლომთათიძე – მეხუთეზე.
ბრინჯაოსთვის იაკობ მაქარაშვილმაც (74) იჭიდავა, მაგრამ წააგო და ხუთეულს დასჯერდა. მძიმეწონოსანმა გიორგი საკანდელიძემ კი ტურნირი მეოთხედფინალში დაასრულა და 14 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
მალხაზ ქურდიანი, დავით ბერძნიშვილი (ორივე 60 კგ), გიორგი ლობჟანიძე, კობა კაკალაძე (ორივე 66 კგ), გოგა ხუჭუა (74 კგ), თორნიკე სვანიძე და ბექა ჭელიძე (ორივე 84 კგ) ტახტის თასს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.
გუნდურ ჩათვლაში ქართული გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. სამეული კი ასეთი თანმიმდევრობით დაინომრა: ირანი, რუსეთი, ყაზახეთი.
ოთარ მაღლაკელიძე