მახაჩყალის მსოფლიოს თასზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე მარცხი იწვნია. დავით ხურციას და დავით ოთიაშვილის გაწვრთნილი გუნდი, ამჯერად, ირანის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:5 წააგო.
ქართველებმა მეტოქეს ერთი ქულა უბრძოლველად დაუთმეს, რადგან 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შალვა მუზიაშვილმა, აზერბაიჯანთან შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის გამო, ხალიჩაზე გასვლა ვეღარ შეძლო. პირველი სამი წონის შედეგების დაჯამებით, ირანი უკვე 3:0-ს იგებდა და საბოლოო გამარჯვებას ერთი ქულაღა აშორებდა. ბესიკ გოჩაშვილმა (55 კგ) ჰასან რაჰიმთან წააგო, მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) – მუსტაფა აგაჯანიოზონბალასთან. გელა საღირაშვილმა (74 კგ) და ბექა ჭელიძემ (84 კგ) ჰასან ტაჰმაზისა და მაისამ მუსტაფაჯუკარს აჯობეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლო ორი ორთაბრძოლა ირანელების კარნახით ჩამთავრდა – დათო ქერაშვილს რეზა იაზდანიმ სძლია, ლევან ბერიანიძეს კი – სეიედ აზარშაკიბმა.
ქართულ გუნდს უკვე ქვეჯგუფში გალიდერების თეორიული შანსიც აღარ აქვს. წინ კი ორი შეხვედრაა - ფინალის საგზურისთვის მებრძოლ კუბასთან და უნგრეთი-ყაზახეთის გაერთიანებულ ნაკრებთან.
ოთარ მაღლაკელიძე