ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ერთადერთი მედლის მოპოვება შესძლეს. თავი 74 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯუმბერ ყველაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ყველაშვილმა გზიდან ლიტველი დრაუგელისი და გერმანელი დუდაროვი ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი თურქ ოზმენთან დამარცხდა. მე-3 ადგილისთვის მატჩში ქართველი მოჭიდავე რუმინელ უტას გაუმკლავდა კვარცხლბეკზე შეაბიჯა.
მედალთან ახლოს გახლდათ ომარ გუსოშვილიც (96 კგ.), რომელმაც ბერძენ მოურანტიდისსა და პოლონელ ბარანს აჯობა, ნახევარფინალში კი ბელორუს ჰარბუნოუს ვეღარ სძლია. სამწუხაროდ, გუსოშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც დათმო აზერბაიჯანელ გამიდოვთან.
დღესვე გამარჯვებულები კიდევ ორ წონაში გამოვლინდნენ. ბექა ბუჯიაშვილმა პირველივე შერკინება უკრაინის სახელითYმოასპარეზე არაქელიანთან დამარცხდა და რადგანაც ამ უკანასკნელმა ნახევარფინალური პაექრობა დათმო, რეპეშაჟშიც ვერ გადაერთო. 60 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსება ლევან ქელეხსაშვილს უნდა დაეცვა, თუმცა, გაურკვეველ მიზეზთა გამო, იგი ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ სატურნირო ბადეში საერთოდ ვერ მოხვდა.
ხვალ, გამარჯვებულების ვინაობას დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში შევიტყობთ. 55 კგ-ში ლაშა ტალახაძე პირველ ორთაბრძოლას რუს გაზიმაგომედოვთან გამართავს, კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ.) მოლდოველ ვასკანს დაუპირისპირდება, სანდრო ამინაშვილი (84 კგ.) – კოსოვოს წარმომადგენელ ედონს, ხოლო გენო პეტრიაშვილი (120 კგ.) – უკრაინელ კუშკოვს.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში. ზაგრები (ხორვატია). 18-24 ივნისი
50 კგ.
1. ბალჟინიმაევი (რუსეთი)
2. ლუიტლე (გერმანია)
3. ჰასანაუ (ბელორუსი)
3. არაქელიანი (უკრაინა)
60 კგ.
1. გვარზატილოვი (აზერბაიჯანი)
2. კილიჩსალაიანი (თურქეთი)
3. ბატოევი (რუსეთი)
3. ფრანგულიანი (სომხეთი)
74 კგ.
1. სანაკოევი (რუსეთი)
2. ოზმენი (თურქეთი)
3. ყველაშვილი (საქართველო)
3. უსუბზადევი (აზერბაიჯანი)
96 კგ.
1. გუსეინოვი (რუსეთი)
2. ჰარბუნოუ (ბელორუსი)
3. ბონჩეოღლუ (თურქეთი)
3. გამიდოვი (აზერბაიჯანი)