ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრის მე-2 დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის ორმა ქართველმა იჭიდავა, თუმცა, კვარცხლბეკზე ვერცერთი შედგა.
66 კგ. წონით კატეგორიაში კონსტანტინე ხაბალაშვილმა მოლდოველ ვასკანს, აზერბაიჯანელ ისრაფილისა და რუს ბატიროვს სძლია, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ – თურქ კაიასთან დამარცხდა. სამწუხაროდ, ხაბალაშვილმა ვერც რეპეშაჟში იმარჯვა, სადაც უკრაინელ პეტრივთან წააგო.
84 კგ-ში კოსოვოელი ედონის დაჯაბვნის შემდეგ, მომავალ ფინალისტ – რუს ციპინოვს ვეღარ გაუმკლავდა სანდრო ამინაშვილი. რეპეშაჟში ქართველმა გზიდან ბულგარელი მუსტაფა და სომეხი ტამრაზიანი ჩამოიცილა, უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მოლდოველ ერემიევს ვეღარ გაუმკლავდა.
55 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე რუს გაზიმაგომედოვთან დამარცხდა, ხოლო 120 კგ-ში გენო პეტრიაშვილმა უკრაინელ კუშხოვთან წააგო.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა ერთადერთი ბრინჯაოთი დაასრულა, რომელიც 74 კგ-ში ჯუმბერ ყველაშვილმა მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში ქართველებმა 27 ქულა მოაგროვეს და 23 ნაკრებს შორის მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავეს, პირველობა კი რუსებს დარჩათ.
21-22 ივნისი საჭიდაო ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ და ეს ტურნირი ქართველების გარეშე ჩაივლის, ევროპის ჩემპიონატის წერტილს კი კლასიკოსები დასვამენ – 23 ივნისს 50, 60, 74 და 96, ხოლო 24 ივნისს – 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში.
ბერძენ-რომაელთა ნაკრების მწვრთნელ ვლადიმერ ადეიშვილს ზაგრებში შემდეგი შემადგენლობა ჰყავს წაყვანილი: დავით სანიკიანი (50 კგ.), რამაზ სურმანიძე (55 კგ.), ფირუზ წულუკიძე (60 კგ.), გიორგი დავითაია (66 კგ.), ლაშა გობაძე (74 კგ.), რობერტ ქობლიაშვილი (84 კგ.), იაკობ ქაჯაია (96 კგ.) და ლევან არაბული (120 კგ.)
55 კგ.
1. ალიევი (აზერბაიჯანი)
2. ჰოვანისიანი (სომხეთი)
3. გაზიმაგომედოვი (რუსეთი)
3. დონუ (რუმინეთი)
66 კგ.
1. კაია (თურქეთი)
2. აპოანი (სომხეთი)
3. ჰენკელი (გერმანია)
4. პეტრივი (უკრაინა)
84 კგ.
1. ჰუშტინი (ბელორუსი)
2. ციპინოვი (რუსეთი)
3. ახუნდოვი (აზერბაიჯანი)
3. ერემიევი (მოლდოვა)
120 კგ.
1. მაგომედაბიროვი (აზერბაიჯანი)
2. გაგიევი (რუსეთი)
3. სვეტლიცკინი (საბერძნეთი)
3. ოზკარადენიზი (თურქეთი)
გუნდური ჩათვლა
1. რუსეთი – 67 ქულა
2. აზერბაიჯანი – 56
3. თურქეთი – 47
4. უკრაინა – 36
5. სომხეთი – 35
6. ბელორუსი – 29
7. საბერძნეთი – 29
8. რუმინეთი – 28
9. საქართველო – 27
10. მოლდოვა – 24