ჭიდაობა

18:10 | 30.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამბო სოსო ლიპარტელიანს ჩააბარეს

საქართველოს სამბოს ფედერაციამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო ცხრა თვეში აგერ უკვე მეორედ ჩაატარა. რვათვიანი მუშაობის შემდეგ, აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თემურ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ვეტერანმა ქართველმა ძიუდოისტმა, სოსო ლიპარტელიანმა დაიკავა. ისევე როგორც შარშან, 30 ივნისს, დელეგატებმა გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით და ერთსულოვნად მიიღეს.
ვაკის “ფალავანთა კლუბში” ჩატარებულმა დღევანდელმა ყრილობამ ანშლაგით ჩაიარა. ხმის უფლების მქონე 47 დელეგატიდან დარბაზში 45 გამოცხადდა. მათ გარდა არჩევნებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. ყრილობის დაწყებამდე “ფალავანთა კლუბთან” ოლეგ იაძეც გამოჩნდა. ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისგან და ნაკრების ასევე ყოფილი მთავარი მწვრთნელისგან, რომელიც თანამდებობიდან შარშან გადააყენეს, ბევრი ყრილობაზე სიტყვით გამოსვლასაც ელოდა, მაგრამ იაძე დარბაზში არ შევიდა.
საპრეზიდენტო არჩევნები დღის წესრიგის პირველივე საკითხი იყო. ითქვა, რომ თემურ გიორგაძემ გადადგომის შესახებ განცხადება მოუცლელობის გამო დაწერა. ყოფილი პრეზიდენტს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა დაუსწრებლად გადაუხადეს და ტრიბუნა ერთადერთ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუთმეს. სოსო ლიპარტელიანმა წინასწარ შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.
“სამბო სპორტის უმნიშვენოვანესი სახეობაა და ამ ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მოკლედ წარმოგიდგენთ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებ, თუკი თქვენი მხარდაჭერა მექნება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონებში სამბოს პოპულარიზაციაა. აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონალური ფედერაციები, გაიხსნას სამბოს სკოლები და ჩატარდეს რეგიონალური პირველობები. სწორედ ამ პირველობებიდან მოხვდებიან სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატზე. განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა დაეთმოს მსაჯებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე ქალთა სამბოს. ვაპირებთ თბილისში საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას, რომელიც შემდეგ ტრადიციული უნდა გახდეს. კიდევ უამრავი ნიუანსია დასახვეწი. ვეცდები ქართულმა სამბომ მსოფლიოში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს” – განაცხადა ლიპარტელიანმა.
კანდიდატის გამოსვლას კენჭისყრა მოჰყვა და სოსო ლიპარტელიანი 45 ხმით გაპრეზიდენტდა. ცოტა ხანში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ასევე ერთხმად თამაზ ცოფურაშვილი აირჩიეს.
ახლა გასარკვევი საქართველოს ძირითადი და ასაკობრივი ნაკრებების ვინაობებიღაა გასარკვევი. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით ჭაბუკთა, ახალგაზრდული და უფროსთა გუნდების ახალ თავკაცებს მაქსიმუმ 10 დღეში დაასახელებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.09603