ჭიდაობა

18:22 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სუმოს უნგრული ოქრო-ვერცხლები და საჩვენებელი წვრთნა

სამოყვარულო სუმოში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იჭიდავა. 15-17 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ ტურნირზე ქართველმა სუმოისტებმა 5 წონით კატეგორიაში 8 მედალი მოიპოვეს.
უფროსებს შორის ავთანდილ ცერცვაძემ 3 ვერცხლი დაისაკუთრა. აქედან 2 ინდივიდუალურ პირველობაში: +115 კილოგრამსა და აბსოლუტურ წონაში. ერთიც გუნდურში, ზაზა ბალაშვილთან, იასონ კარიბოვთან და ზურაბ აქუბარდიასთან ერთად.
ახალგაზრდებში გიგა გელაშვილი (+100 კგ) და ზურაბ აქუბარდია (აბსოლუტური) კვარცხლბელის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. აქუბარდიამ 100 კილოგრამშიც იჭიდავა და ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა. გუნდურ შეჯიბრებაში კი გელაშვილმა და აქუბარდიამ ყველას აჯობეს. ევროპირველობაში სულ 17 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო.
ტურნირის მსვლელობის დროს სუმოს ევროპის ფედერაციის კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე ევროპის სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
დღეს კი ჩვენმა სუმოისტებმა საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს, რომლის ამსახველ ფოტოებსაც ჩვენ მკითხველს ვთავაზობთ.

ოთარ მაღლაკელიძე

0.096633