ჭიდაობა

19:44 | 4.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ახალ წელს სომხური შეკრებით იწყებენ

ქართველი მოჭიდავეები სეზონს საზღვარგარეთული შეკრებით გახსნიან. 8 იანვარს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები გაფართოებული შემადგენლობებით სომხეთში გაემგზავრებიან და წახკაძორის ოლიმპიურ ბაზაზე 16 დღით დაბინავდებიან.
ნაკრებების მწვრთნელებმა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში უკვე წინასწარი განაცხადებიც წარმოადგინეს, რომლებიც ძირითადად საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით შეადგინეს. 36-კაციან ქართულ დელეგაციაში სულ 29 სპორტსმენი იქნება. ბერძენ-რომაელებს, გუნდის თავკაც ბეგი დარჩიას გარდა, სომხეთში მწვრთნელები - ოთარ ტატიშვილი და აკაკი ჩაჩუაც გაჰყვებიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დამრიგებელ ზაზა თურმანიძეს კი, დავით ოთიაშვილი და დავით ხურცია დაეხმარებიან.
მართალია, სია უკვე ჩამოწერილია, მაგრამ შესაძლოა, მასში თითო-ოროლა ცვლილება მაინც მოხდეს. წინასწარვეა შედგენილი სათადარიგო განაცხადებიც. დამატებით ჩამონათვალში რამდენიმე ტიტულოვანი სპორტსმენიცაა - თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოთარ თუშიშვილი (66 კგ) და რევაზ მინდორაშვილი (84 კგ) და ბერძენ-რომაელები – რამაზ ნოზაძე (96 კგ) და რევაზ ჭელიძე (120 კგ).

აქვე შემადგენლობებიც:
თავისუფალი ჭიდაობა:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა, ბექა ლომთაძე, დავით ბერძნიშვილი (სამივე 60 კგ), ცოტნე ბარამიძე, კობა კაკალაძე (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი, ბექა ჭელიძე (84 კგ), გიორგი გოგშელიძე, ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ), დავით მოძმანაშვილი, ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე (120 კგ).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა:
ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი, ირაკლი ჭოჭუა, ქემალ ხარაბაძე (სამივე 60 კგ), მანუჩარ ცხადაია, პაატა ბაკურიძე (66 კგ), მანუჩარ კვირკველია, ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე, რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ), იოსებ ჯაბიძე, გივი მორჩილაძე (96კგ), გურამ ფერსელიძე, შოთა გოგისვანიძე, სერგო გოგისვანიძე (120 კგ).

ოთარ მაღლაკელიძე

0.095477