ჭიდაობა

20:20 | 13.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი თავისუფლები ხუთეულსაც ვერ შეწვდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს მსოფლიოს თასის 10 მონაწილე გუნდს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ზაზა თურმანიძის შვიდეულმა ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 12 მაისს ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრა ჩაატარა და ირანთან 2:5 წაგების შემდეგ თურქეთი (7:0) და იაპონია (4:3) დაამარცხა. დღეს ქართველები კიდევ ერთ თანაჯგუფელს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდნენ. მოგებული ჯგუფში მეორე პოზიციას ინაღდებდა, რაც საბოლოო მესამე ადგილის დასაკავებლად ბრძოლის შანსს აძლევდა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა შვიდშეხვედრიან გუნდურ ჭიდილში ერთადერთი ქულის აღება შეძლეს, 1:6 წააგეს. საბოლოო მეხუთე ადგილის დასაკავებლად კი მეორე ქვეჯგუფის მესამეადგილოსან ყაზახეთს შეხვდნენ და ვერც მათი ძლევა მოახერხეს - 3:4. ტურნირის მიმომხილველმა ვებ-გვერდებმა დეტალური ინფორმაცია მხოლოდ აზერბაიჯანელთა შეხვედრების შესახებ გაავრცელეს. სხვა გუნდების და მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრთა ინდივიდუალურ შედეგიანობაზე კი არაფერი უთქვამთ.
საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანულ ხალიჩაზე შემდეგი შემადგენლობით გავიდა: გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ).
მსოფლიოს თასს ირანელები დაეუფლნენ. ფინალში მათ მასპინძელთა გუნდს 4:3 აჯობეს. ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი მომენტი 96 კილოგრამი წონითი კატეგორიის შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ირანელმა მუჰამედ იაზდანიმ აზერბაიჯანელი ხეთაგ გაზიუმოვი დაამარცხა. ამ ბრძოლის დასრულების შემდეგ განაწყენებულმა მასპინძელმა ხელჩართულ ჩხუბზე გადასვლა სცადა, რამაც ტრიბუნებზე შეკრებილი ირანელი გულშემატკივრები ისე გააცხარა, რომ ხალიჩაზე წყლის ბოთლები გადაყარეს.

თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს თასი
ბაქო
12 მაისი


A ჯგუფი
რუსეთი - ბულგარეთი 6:1
ბელარუსი – ყაზახეთი 2:5
აზერბაიჯანი – რუსეთი 7:0
ბულგარეთი – ბელარუსი 2:5
ყაზახეთი – რუსეთი 2:5
აზერბაიჯანი – ბულგარეთი 7:0
ბელარუსი – რუსეთი 1:6
ყაზახეთი – აზერბაიჯანი 0:7

B ჯგუფი
ირანი – თურქეთი 7:0
აშშ – იაპონია 5:2
საქართველო – ირანი 2:5
თურქეთი – აშშ 2:5
იაპონია – ირანი 2:5
საქართველო – თურქეთი 7:0
აშშ – ირანი 3:4
იაპონია – საქართველო 3:4

13 მაისი
ბულგარეთი – ყაზახეთი 0:7
ბელარუსი – აზერბაიჯანი 1:6
თურქეთი – იაპონია 4:3
აშშ – საქართველო 6:1

მე-5 ადგილისთვის
საქართველო – ყაზახეთი 3:4

მე-3 ადგილისთვის
აშშ – რუსეთი 5:2

ფინალი
ირანი – აზერბაიჯანი 4:3

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.09714