კალათბურთი

22:26 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში ბოუი ვერ გააჩერეს

შექმნილი ბარიერების გამო, საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა “ქუთაისსა” და “რუსთავს” შორის იმერთა მთავარ ქალაქში გადაიტანეს. შეხვედრა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლის გამარჯვებულის გამოცნობა ძნელად პროგნოზირებადი გახლდათ. ეს გუნდები ეროვნულში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვებები გაცვალეს. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე გუნდმა სტუმრად იმარჯვა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. დიდიამ და მათიაშვილმა ახლო მანძილებიდან ზუსტი ტყორცნებით დააწინაურეს საკუთარი გუნდი – 4:0. რუსთაველთაგან ანგარიში ნეით ბოუიმ გახსნა, რასაც გიორგი ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა.

პირველ მეოთხედში გიორგიმ ზედიზედ სამჯერ შეძლო პერიმეტრიდან ზუსტად “გასროლა”. სწორედ მისი და მათიაშვილის წყალობით ინარჩუნებდა “ქუთაისი” ლიდერობას ამ პერიოდის განმავლობაში. იმერთა სერიოზული სხვაობით დაწინაურებას კი ხელს ამერიკელი ლეგიონერი ბოუი უშლიდა. ოკეანისგაღმელმა გამთამაშებელმა მართლაც საუცხოო მატჩი ჩაატარა და საკუთარი კლუბის პირველ გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. სწორედ ბოუის გარჯის წყალობით არ მისცეს რუსთაველებმა მოწინააღმდეგეს სოლიდური სხვაობით დაწინაურების საშუალება.

ამერიკელს მხარს უბამდა ლევან ცეკვავაც, რომელიც მხრის მიკროტრამვით თამაშობდა.

საერთოდ, პირველი მეოთხედი შედეგიანი გამოდგა და მასპინძლებმა 25:21 იმარჯვეს.

მეორე მეოთხედი ისევ ბოუის სამქულიანით გაიხსნა, თუმცა ამის შემდეგ ქვემოქართლელებს ერთგვარი “მშრალი” პერიოდი დაუდგათ და ხუთი წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს მეტოქის კალათში ბურთის მოთავსება. დროის ეს მონაკვეთი ქუთათურებმა 11:0 მოიგეს საერთ ჯამში 12-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს – 36:24. თამაშში კარგად ჩაერთვნენ ბუბა კვიმსაძე და დავით ბარბაქაძე, რომლებმაც კიდევ უფრო აგრესიული გახადეს ქუთაისელთა შეტევები.

სტუმართა გამოფხიზლება ისევ ბოუიმ ითავა, რომელსაც მხარი ათანელიშვილმა და ნელსონმაც აუბეს. მართალია, ნელსონმა საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, მაგრამ შედეგიანობა და მარგი ქმედების კოეფიციენტი მაინც ნორმალური ჰქონდა. რაც შეეხება ათანელიშვილს, იგი ფარზე რიგიანად ირჯებოდა, დამატებაზეც ივარგა და ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქეს. სწორედ ამ კალათბურთელების გარჯის შედეგად რუსთაველებმა ტაიმის ბოლომდე ანგარიში ხუთ ქულამდე შეამცირეს - 41:36.

მესამე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. იყო მომენტები როდესაც სტუმრებმა შეძლეს ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, თუმცა ქუთაისელებმა ფაშაევის, მათიაშვილისა და ძმები ბარბაქაძეების აქტიურობით მოახერხეს 11-ქულიანი უპირატესობის მოპოვება.

მესამე პერიოდში იყო მომენტი, როდესაც ქომაგებმა არბიტრები მცირედით “შერისხეს”, მათი აზრით, ქუთათურთათვის არასამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის გამო. თუმცა, გულშემატკივრების “განრისხება” დიდხანს არ გაგრძელებულა.

რუსთაველებმა კი მაინც მოახერხეს თამაშის გამოსწორება და გადამწყვეტი პერიოდის წინ ისინი მხოლოდ 57:54-ს აგებდნენ. სტუმართა შემადგენლობაში გამოირჩა იოვან სტეფანოვი, რომელმაც სულ სამჯერ ისროლა მატჩში და სამჯერვე ზუსტად. რუსთაველთა ლეგიონერმა ჯამში 7 ქულას მოუყარა თავი.

მატჩის დასკვნითი ათწუთეული ძალზე დაძაბული გამოდგა და მას ერთადერთი გმირი ჰყავდა ნეით ბოუის სახით. ამერიკელმა რამდენჯერმე მცირედი სასწაული მოახდინა და ისეთი ბურთები ჩააგდო, რომ ყველანი სახტად დატოვა. საბოლოოდ კი ბოუის 31 ქულა დაუგროვდა, რაც პლეი ოფისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. მართალია, დროის ამ მონაკვეთში უქმად არც ქუთაისელები ყოფილან, მაგრამ ამერიკელის წყალობით “რუსთავმა” ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 67:67.

ცოტა ხანში ტაბლოზე 70:70 ციმციმებდა. რამდენიმე რთული ბურთის ჩაგდების შემდეგ ბოუიმ ხელის მოძრაობით ქუთათურთა ქომაგებს დამშვიდებისაკენ მოუწოდა, რასაც ქომაგთაგან არცთუ ისე სასურველი რეაქცია მოჰყვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ემოციები მალევე ჩაცხრა.

დასკვნით მეოთხედში ერთი რამ ნათლად გამოჩნდა. სტუმრებმა უფრო მოახერხეს საკუთარი ძალის თანაბრად გადანაწილება, ვიდრე ქუთათურებმა. ეს ყველაზე მეტად გამოიხატებოდა იმ კუთხით, რომ მასპინძლებს ხშირად 24-ე წამზე უწევდათ ბურთის ტყორცნა. ამ დროს ფაშაევმა ყოველთვის წარმატებით გაართვა თავი ამ მძიმე მოვალეობას, მაგრამ მარტო ზაურის სიმხნევე და მათიაშვილის ტრადიციული პროდუქტიულობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ქუთაისელთა ცენტრალური თავდამსხმელი ერთადერთ აღმოჩნდა მატჩში, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა და 10 მოხსნა.

მატჩის ეპილოგში ცეკვავამ და ტალბამ იყოჩაღეს. ცეკვავამ ბოლო წუთზე მშვენიერი შესვლა განახორციელა და ორი ნასროლი საჯარიმოდან ერთის ჩაგდება მოახერხა, რაც შეეხება კამერუნელს მასზე მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე დაჯარიმდნენ, მაგრამ ტალბა საკმაოდ “ცივსისხლიანი” გამოდგა და საჯარიმოები შეუცდომლად ისროლა. აღსანიშნავია, რომ ამ ქულებით კამერუნელმა მატჩს წერტილი დაუსვა და საკუთარი ანგარიშიც გახსნა. საბოლოოდ კი შეხვედრა 73:77 დასრულდა “რუსთავის” გამარჯვებით, თუმცა ამ შეხვედრიდან გამომდინარე შეიძლება იმის თქმა, რომ კვირას ქვემო ქართლის უმთავრეს ქალაქში ამ გუნდებს შორის ძალზე დაძაბული ბრძოლა გაიმართება.


 

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093818