მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ კორტზე დაბრუნებული რაფა ნადალი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. გასულ ორშაბათს მალიორკელმა ნიუ იორკის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ წლეულს თავისი მეათე შეჯიბრება მოიგო. ამასთან მიმდინარე სეზონში რაფა ჰარდსაფარიან კორტებზეც ბრწყინვალედ ასპარეზობს. ზაფხულში ხომ მან მონრეალისა და ცინცინატის ტურნირებზე გამარჯვებით US Open Series მოიგო. მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როდესაც სეზონის განმავლობაში ერთმა მოთამაშემ ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული სამივე მთავარი საჰარდო ასპარეზობაზე იმარჯვა. ნადალამდე ამას მხოლოდ პატრიკ რაფტერმა და ენდი როდიკმა მიაღწიეს. ამერიკის ღია პირველობაზე გაჩემპიონებამ რაფას საბანკო ანგარიში 2 მილიონ 600000 დოლარით გაზარდა, ამასთან, US Open Series ტურნირების მოგების წყალობით ნადალს პრემიის სახით მილიონი დოლარი დაუმატეს.
- სადიდსლემო ტურნირებზე მეცამეტე წარმატება იზეიმეთ. ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერსა და პიტ სამპრასს ჩამორჩებით. შეძლებთ მათ დაწევასა და გასწრებას? თქვენ ხომ ჯერ 27 წლის ხართ...
- მოდით ჯერ ამერიკის ჩემპიონატის მეორედ მოგებით გამოწვეული ტკბობის განცდა მაცალეთ. უკვე მივაღწიე იმდენს, რაზეც რამდენიმე წლის წინათ ოცნებასაც ვერ ვბედავდი. მხოლოდ ერთი რამის დაპირება შემიძლია – კვლავინდებურად მოუღლელ მუშაობას გავაგრძელებ. შევეცდები ბევრი ვივარჯიშო, პრესტიჟულ ტურნირებზე სათანადოდ გამოვიდე და შეძლებისდაგვარად ახალ-ახალ ტიტულებსაც დავეუფლო. წინ გახედვა კი სადღეისოდ ნაკლებად მსურს – 13 მეიჯორის მოგება უკვე თავისთავად ბევრზე მეტყველებს.
- მუხლის პრობლემების მიუხედავად, მიმდინერე სეზონი თქვენთვის მეტად წარმატებულია. განსაკუთრებით თავი ჰარდსაფარიან კორტებზე გამოსვლისას გამოიჩინეთ. ამას სათამაშო სტილის ცვლილების ხარჯზე მიაღწიეთ?
- ვინც ჩემ ბოლოდროინდელ მატჩებს თვალი მიადევნა დამეთანხმება, რომ სტილში პრაქტიკულად არაფერი შემიცვლია. უბრალოდ კარგად ვთამაშობ. ერთადერთი ისა, რომ უფრო მეტად აგრესიულად ვასპარეზობ. ამ მომენტმა ჩემზე ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედა, მოწინააღმდეგეები კი, ვფიქრობ, ოდნავ დააბნია. ჰარდზე პაექრობა ყოველთვის სიამოვნებას მგვრიდა და თუ წლეულს მეტი წარმატება მაქვს, ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ უწინ ამგვარ საფარზე ნეგატიურად ვიყავი განწყობილი. თუმცა, ერთი რამ უდავოა – ჰარდზე თამაში ორგანიზმისგან მეტ დატვირთვას მოითხოვს და შედარებით რთულია.
- ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნადალის ძლევა ყველაზე მეტად რთული პარიზშიაო. ამიერიდან მას საიმისო საფუძველი ხომ არ გაუჩნდა, რომ თქვას – რაფას წინააღმდეგ გამოსვლა ნიუ იორკშიც წარმოუდგენლად ძნელიაო. აქედან გამომდინარე, მომავალ სეზონში “დიდი სლემის” შეკვრას არ შეეცდებით?
- ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი უმთავრესი მიზანი მიმდინარე სეზონის სათანადოდ ჩამთავრებაა. ამჟამად წლის განმავლობაში ოთხივე სადიდსლემო შეჯიბრების მოგება ჩემი აზრით ნებისმიერი ჩოგბურთელის ძალას და შესაძლებლობებს აღემატება. ჩემი ამოცანა კორტზე წარმატებით გამოსვა, ჩოგბურთის თამაშისგან სიამოვნების მიღება და ჯანმრთელად ყოფნაა. ეს 3 ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ამერიკის ღია პირველობის ფინალამდე აცხადებდით, რომ გადამწყვეტ მატჩში მეტოქედ ჯოკოვიჩის ნაცვლად ნებისმიერ სხვა მოთამაშეს ისურვებდით. Aმის გათვალისწინებით, მოპოვებული ტიტული თქვენთვის განსაკუთრებულია?
- ცხადია, ასეთი მაღალი კლასის ჩოგბურთელთან ჭიდილში დაუფლებული ტიტული მეტად სასიამოვნო და დასამახსოვრებელია. ახლაც რომ მკითხოთ, რომელ მოთამაშეს არ ვისურვებდი ოპონენტად მომდევნო ფინალში, კვლავ ნოვაკს დაგისახელებთ. გადამწყვეტ მატჩში მოწინააღმდეგედ უფრო სუსტ მოთამაშეს ვისურვებდი.
- წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვების საკუთარ შანსს როგორ შეაფასებთ? რატომაა, რომ აქამდე ეს შეჯიბრება არ მოგიგიათ?
- ეს ის ტურნირია, რომელზეც თამაშისას აქამდე ბედი არ მწყალობდა. თანაც, ყოველთვის ჰარდზე ვთამაშობდით. ჩემი აზრით, ეს სამართლიანი არაა. უპრიანი იქნებოდა, შემაჯამებელი ტურნირი ყოველწლიურად სხვადასხვა საფარის კორტზე ჩატარებულიყო.