საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტური მიილია და მთავარი კითხვა პასუხის გარეშე დარჩა – როდის მოიგებს გორის “დილა”? გორელებს ევროპის ლიგაში მოხვედრის ისტორიული შანსი აქვთ და ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ. შესაბამისად, მთლიანად ევროსარბიელზე არიან გადართული და ზოგჯერ ოპტიმალური შემადგელობითაც არ თამაშობენ, მაგრამ სამიდან სამი მარცხი მეტისმეტია.
მართალია, “თენგიზ ბურჯანაძეზე” მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, “დილა” საშინაო მატჩებს ხან “მიხეილ მესხზე” ატარებს და ხან “ბასაზე”, თუმცა განვლილ მატჩებში მაინც მასპინძლის რანგში იყო და ასე უქულოდ არ უნდა დარჩენილიყო. მეტიც, გორელებს ჯერ ფრეც არ უთამაშიათ. არადა, სეზონის სტარტზე სამივე მეტოქე ისეთი ჰყავდათ, რომლებიც მაღალი მიზნების მქონე “დილასთვის” ჩემპიონატში უშუალო კონკურენტებად არ განიხილებოდნენ.
“სიონთან” წაგება კი, მართლაც დიდი მოულოდნელობა იყო. ბოლნისელებმა შინ ორი ფრე ითამაშეს და პირველი 3 ქულა სტუმრად აიღეს. გასათვალისწინებელია, რომ “სიონმა” გორელებს მთავარი მწვრთნელის გარეშე სძლიეს. ხვიჩა ქასრაშვილმა გუნდს ერთ მატჩში უხელმძღვანელა, რომელშიც გააძევეს და დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მან “სიონი” ისე დატოვა, რომ სათადარიგოთა სკამზე აღარ მჯდარა. მართლაც რეკორდსმენია ქასრაშვილი, რომელიც ერთ და იმავე მდინარეში 5-ჯერ შევიდა. ამასთან, ქასრაშვილი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ახალ სეზონში პოსტი დატოვა.
გორელთა საპირისპიროდ, სასიამოვნოდ აოცებს გულშემატკივრებს საჩხერის “ჩიხურა”, რომელმაც სამიდან სამივე თამაში სტუმრად მოიგო. საჩხერელთა საშინაო სტადიონიც რემონტდება და ამიტომ, გუნდს თავის მოედანზე ჯერ არ უთამაშია. სეზონის წინ, სოსო ფრუიძემ აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე გააკეთა და ჯერჯერობით ეს გათვლა ამართლებს. ჯერ ნაადრევია საუბარი, შეინარჩუნებენ თუ არა აღებულ ტემპს საჩხერლები, მაგრამ თუ საქართველოში კლუბს ფინანსურად ნორმალური მდგომარეობა აქვს და მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც გააჩნია, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ძნელი არაა. საჩხერლებს კი, ეს ყველაფერი აქვთ.
სჩანს, “ტორპედო” – “ზესტაფონის” დაპირისპირებაში ერთგვარ ტრადიციად მკვიდრდება, რომ გამარჯვებული მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის დამატებულ წუთებში უნდა გამოვლინდეს. მას მერე, რაც გია გეგუჩაძისა და გია ჭიაბრიშვილის გზები გაიყო, ჩემპიონატში მათ უშუალო დაპირისპირებაში უპირატესობა პირველის მხარესაა. განვლილმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანალური ფრაზა: “თამაში ბოლომდეა საჭირო”. “ტორპედომ” გოლი იმ დროს გაიტანა, როდესაც “ზესტაფონს” ამის საშიშროება ყველაზე ნაკლებად ემუქრებოდა და თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ გუნდები ფრეზე გაიყრებოდნენ.
რამდენი ხანია, თბილისის “დინამო” სატურნირო ცხრილის სათავეში არ ყოფილა და როგორც იქნა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თავისთვის ჩვეული ადგილი დაიკავა. “ზესტაფონში” გატარებული ოთხი წლისა და არაერთი გატანილი გოლის შემდეგ, ჯაბა დვალმა “დავით აბაშიძეზე” კვლავ გაიტანა, მაგრამ ამჯერად “დინამოს” მაისურით. ბოლო პერიოდში განხორციელებულ ტრასნფერებზე თუ ვიმსჯელებთ, დვალი თბილისელთათვის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური შენაძენია. გუნდს მწვავე ფორვარდი აშკარად აკლდა და “დინამოს” ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სწორი ნაბიჯი გადადგა. ესტონელმა ვოსკობოინიკოვმა საწყის ორ ტურში მთლად კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და გასაკვირი არაა, რომ უჰრინმა მის ნაცვლად სასტარტოში ადგილი დვალს ანდო და არც შემცდარა.
ტატანაშვილი რუსთავის “მეტალურგის” შეტევის ლიდერად რომ იქცა, ამას ბევრი განსჯა არ სჭირდება. მას გადამწყვეტ მომენტებში გოლის გატანა შეუძლია და ლიდერის თვისებაც სწორედ ეს არის. გამონაკლისი არც განვლილი ტური ყოფილა, როდესაც “მეტალურგს” მხსნელად ამჯერადაც ის მოევლინა. რუსთაველებმა ზედიზედ მეორე მატჩი ერთბურთიანი სხვაობით (1:0) მოიგეს და ორივე შემთხვევაში თავი ტატანაშვილმა გამოიჩინა.
III ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ სხვადასხვა გუნდების მაისურით გოლები გაიტანეს ძმებმა დათუნაიშვილებმა. თუ გიორგიმ თავის “ტორპედოს” გამარჯვება მოუტანა, ფოთის “კოლხეთს” პავლეს გოლი 3 ქულის მოსაპოვებლად არ ეყო. ფოთელებს მიმდინარე სეზონში თამაში არ მოეგოთ და ამის შანსი “ზუგდიდთან” ჰქონდათ. თუმცა, ქუთაისელთა ყოფილი კაპიტნის, დავით გამეზარდაშვილის გოლმა ისინი კვლავ გამარჯვების გარეშე დატოვა.
მე-3 ტური
25 აგვისტო: მეტალურგი – მერანი 1:0, დინამო (ბათუმი) – დინამო (თბილისი) 0:3, კოლხეთი – ზუგდიდი 1:1, ვიტ ჯორჯია – ჩიხურა 0:1.
26 აგვისტო: დილა – სიონი 2:3, ტორპედო – ზესტაფონი 1:0
1 | დინამო თბილისი | 3 | 3 | 0 | 0 | 7:2 | 9 |
2 | ჩიხურა | 3 | 3 | 0 | 0 | 6:2 | 9 |
3 | ტორპედო | 3 | 2 | 0 | 1 | 4:3 | 6 |
4 | მეტალურგი | 3 | 2 | 0 | 1 | 2:1 | 6 |
5 | სიონი | 3 | 1 | 2 | 0 | 5:4 | 5 |
6 | ზუგდიდი | 3 | 1 | 1 | 1 | 3:2 | 4 |
7 | ზესტაფონი | 3 | 1 | 0 | 2 | 3:3 | 3 |
8 | ვიტ ჯორჯია | 3 | 1 | 0 | 2 | 2:4 | 3 |
9 | მერანი | 3 | 1 | 0 | 2 | 2:4 | 3 |
10 | კოლხეთი | 3 | 0 | 2 | 1 | 1:3 | 2 |
11 | დინამო ბათუმი | 3 | 0 | 1 | 2 | 2:7 | 1 |
12 | დილა | 3 | 0 | 0 | 3 | 4:7 | 0 |
მე-4 ტურში, 2 სექტემბერს, ერთმანეთს ხვდებიან: მერანი – ჩიხურა, სიონი – ვიტ ჯორჯია, ზუგდიდი – დილა, დინამო თბილისი – კოლხეთი, მეტალურგი – ტორპედო, ზესტაფონი – დინამო ბათუმი
ბომბარდირები:
3 – რევაზ ჯიქია (“სიონი”)
2 – ლევან კუტალია (“ზუგდიდი”, 1 პენალტით), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”), მათე ვაწაძე (“დილა”), ჩისკო (1), ალვარო (“დინამო” თბილისი), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი”).
1 – თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი”), საბა ლომია, გიგა ამბროლაძე (“მერანი” მარტვილი), ლევან ხმალაძე, რობერტინიო, ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (“სიონი”), ედიკ საჯაია, ნიკოლოზ კვასხვაძე, ბესო დეკანოიძე, დავით ოდიკაძე (1) (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე, ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი დათუნაისვილი (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე (“ვიტ ჯორჯია”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), დავით გამეზარდაშვილი (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, რომან ახალკაცი (“დილა”).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატრანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ლაშა თაბაგარი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო