ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა დაადასტურა, რომ 25 მაისს ლონდონის “უემბლიზე” მიუნხენის “ბაიერნისა” და “დორტმუნდის” საჩემპიონთალიგო ფინალს დაესწრება. ალბიონელთა მთავარი გუნდის დამრიგებელს პოპულარული გერმანული გამოცემა “ბილდი” დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
- მისტერ ჰოჯსონ, როგორ შეაფასებდით გერმანული ფეხბურთის სადღეისო მდგომარეობას?
- პასუხი ცალსახაა – მთლიანობაში გერმანულმა ფეხბურთმა ბოლო დროს დიდ პროგრესს მიაღწია და სადღეისოდ მეტად მაღალ დონეზეა. რაც მიუნხენის “ბაიერნმა” და “დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში აჩვენეს, მეტად შთამბეჭდავია. ორივე გუნდის შემადგენლობაში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ირიცხება, ამასთან იუპ ჰაინკესისა და იურგენ კლოპის გუნდების სათამაშო ორგანიზაცია მეტად მაღალ დონეზეა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, “ბაიერნმა” და “დორტმუნდმა” არა მარტო გერმანული, არამედ მთლიანად ევროპული ფეხბურთის დონე აამაღლეს.
- უფრო კონკრეტულად ხომ ვერ დაგვიხასიათებდით ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების პლუსებს?
- უპირველესად ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას აღვნიშნავდი. ერთი შეხედვით, მიუნხენელები და დორტმუნდელები ისევე თამაშობენ, როგორც ევროპის სხვა წამყვანი გუნდები, მაგრამ მათ ასპარეზობაში მეტი მოტივაცია, მონდომება და ენერგია ჩანს. სწორედ ამიტომაც არიან ისინი უშუალო კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ.
- გულშემატკივართა წრეებში ამბობენ, თითქოს გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ხართ. ეს თქვენ მიერ დაკავებულ პოსტთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის?
- რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ან კლუბის გულშემატკივარი არ ვარ, უფრო მთლიანად შემოქმედებითი ფეხბურთის ქომაგი გახლავართ. წლეულს ამას ყველაზე კარგად გერმანული გუნდები ახერხებენ და მათი თამაშის ცქერა სიამოვნებას მგვრის.
- როგორ აფასებთ იურგენ კლუბის პერსპექტივას რომელიმე ინგლისური კლუბის მთავარი მაწვრთნელის რანგში?
- იურგენ კლოპმა დორტმუნდში სუპერკლუბი ჩამოაყალიბა. იგი ახალგაზრდა სპეციალისტია და უკვე დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა. ეჭვიც არ მეპარება, კლოპის გადაბირების სურვილი წამყვანი ინგლისური კლუბების მეპატრონეებს სურთ. ისინი კლოპთან ერთად მის მიერ აღზრდილი მოთამაშეების ყიდვაზეც არ იტყოდნენ უარს. იურგენ კლოპი პრემიერლიგაში – მეტად დამაინტრიგებელი რამ იქნება!
- როდესაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაგნიშნათ, ყველას ეს ნაბიჯი მართებულად არ ჩაუთვლია. თუმცა, ამ პოსტზე მუშაობისას არაერთხელ დაადასტურეთ, მაღალი რანგის სპეციალისტი რომ ხართ...
- ეს ჩემი სამსჯელო არაა. ჩემ პროფესიონალიზმზე ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა უნდა ისაუბრონ. საფეხბურთო ასოციაციამ დიდი ნდობა გამომიცხადა და ყოველმხრივ ვეცდები, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და ინგლისელ გულშემატკივართა იმედი გავამართლო. აგერ უკვე 38 წელია, ჩემზე მინდობილ სამუშაოს მონდომებით ვასრულებ. სანამ ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას მომცემს, მწვრთნელობას გავაგრძელებ, ჩემი გაწეული საქმის და კვალიფიკაციის შეფასების დრო კი მას შემდეგ დადგება, რაც საყვარელ საქმიანობას შევწყვეტ.