ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე 500 კატეგორიის ტურნირზე გუშინ ორი ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ. პირველ ნახევარფინალში ხუან მარტინ დელ პოტრომ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 21 წლის ბულგარელი გრეგ დიმიტროვი 6:4, 6:4.
ორივე სეტის მიმდინარეობისას არგენტინელმა მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკები, რის შემდეგაც მშვიდად ინარჩუნებდა ორგეიმიან უპირატესობას და შეხვედრა 1 საათსა და 16 წუთში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. დიმიტროვმა მატჩის განმავლობაში 8 ეისი ჩააწოდა და ორი ორმაგი დაუშვა, თავისმხრივ ხუან მარტინმა 6 ეისის წილ 4 ორმაგი დაუშვა. ეს მათ პროფესიულ კარიერაში პირველი დაპირისპირება აღმოჩნდა.
მეორე ნახევარფინალში ფრანგული დაპირისპირება ვიხილეთ. ჟილ სიმონი როჯერ ფედერერის სენსაციურად დამმარცხებელ ჟულიენ ბენეტოს ხვდებოდა. ამ უკანასკნელმა პირველსავე გეიმში მიიღო მეტოქის ჩაწოდებაზე ბრეიკპოინტი, თუმცა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა და დიდი ხნის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი მშივიდად ახერხებდა საკუთარი გეიმების მოგებას საკუთარ ჩაწოდებაზე.თითქოს ყველაფერი ტაიბრეიკისაკენ მიდიოდა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ბენეტომ რამოდენიმე ბრწყინვალე დარტყმით მეცხრე გეიმში ერთბაშად სამმაგი ბრეკპიონტი მიიღო, რაც შემდეგ "ბრეიკად" გარდასახა 5:4. ჟულიენის ჩაწოდებაზე ამჯერად სიმონი გააქტიურდა და მანაც მიიღო სეტის გადარჩენის შანსი. 30:40-ზე მეორე ჩაწოდებიდან ბენეტომ გარისკა და ეისიც გამოვიდა. ამის შემდეგ მან ფსიქოლოგიური უპირატესობა დაიბრუნა და სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:4.
მეორე პარტია ჟილმა გაცილებით უკეთესად დაიწყო, მალევე შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და ანგარიშში ორგეიმიანი უპირატესობითაც დაწინაურდა 3:1. თუმცა ერთ ერთი კომბინაციის გათამაშებისას ბარძაყის კუნთი იტკინა, რის შემდეგაც მისმა თანამემამულემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ტაიბრეიკზე მეტოქე უშანსოდ დატოვა და ფინალის საგზურიც მოიპოვა 6:4, 7:6.
გიორგი ბარბაქაძე