საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2011 წლის სეზონი ფალავანთა კლუბში შეაჯამა. წლის დასკვნით პრესკონფერენციას ფედერაციის ხელმძღვანელობის გარდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი და ორივე სტილით მოჭიდავე ძირითადი და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაესწრნენ.
“გასულ სეზონში ჩვენი მოჭიდავეების საერთო შედეგიანობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ცხადია, იყო ჩავარდნებიც. მსოფლიოს ჩემპიონობა ჩვენი ძირითადი ნაკრებების წევრებმა ვერ შეძლეს, მაგრამ მთლიანობაში მაინც საკმაოდ წარმატებულად გამოვიდნენ. ერთადერთი ოლიმპიური სახეობა ვართ, რომელმაც დიდ ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხის ევროპის ჩემპიონობას ვგულისხმობ. ორივე სტილში ლონდონის ოლიმპიადის 5 ლიცენზია გვაქვს მოპოვებული და მომავალ წელს დარჩენილ ტურნირებზე კიდევ არაერთ ლიცენზიას მოვიპოვებთ. 2012 წლის უმთავრესი ამოცანა კი, ცხადია, ოლიმპიური ოქროა. ეს სავსებით რეალურია და მჯერა, ლონდონში ქართველი მოჭიდავეები თავიანთ შესაძლებლობლებს მაქსიმალურად წარმოაჩენენ” – განაცხადა კახა გეწაძემ.
ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებზეც გაამახვილა და თქვა, რომ ძირითად ნაკრებებს შესანიშნავი ახალი თაობა ეზრდება. ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ევროპისა და მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატებზე 39 მედალი მოიპოვეს. აქედან 8 ოქრო, 13 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.
ოთარ მაღლაკელიძე