საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. 60, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში მედლები ორიოდ საათში გათამაშდება, ქართველები კი ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ, თან ისეთ მეტოქეებთან წაგებით, რომ ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელების შანსიც აღარ მისცემიათ.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა (60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატი შარშანდელი ფინალისტის, იაპონელი რიუტარო მაცუმოტოს ძლევით გახსნა, მერვედფინალში კი ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან, სამხრეთკორეელ ჯი-იუნ იანგთან დამარცხდა.
ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) სტამბოლურ ხალიჩაზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. გეგეშიძემ ფრანგ მელონინ ნუმონვისთან წააგო, ხოლო გოგისვანიძემ - ირანელ ბაშირ ასგარი ბაბაჯანზადესთან.
ოთარ მაღლაკელიძე