საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. რამაზ ზოიძის (42 კგ) ოქროს ზურაბ გედეხაურმა (100 კგ) ვერცხლი მიამატა, ხოლო ლაშა გობაძემ (76 კგ) – ბრინჯაო.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში - 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ლეიბზე ვაჟა კრავეიშვილის ოთხი შეგირდი გავიდა, 46 კილოგრამში კი საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.
ზურაბ გედეხაურს ჩემპიონობამდე რუსი სოსლან ტუსკაევის ძლევაღა დააკლდა. იქამდე კი, სამი მეტოქე ორ-ორ სეტში ჩამოიცილა: ინდოელი სუბოდ სუბოდი, აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად ჩოპსიევი და ყირგიზი კამბარ ჟორობეკოვი.
ლაშა გობაძემ აზერბაიჯანელ ელმადინ რამაზანოვთან და ბელარუს ალექსეი ბელიაევთან მოგების შემდეგ, ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, თურქ ოგუზან მესუტ სარისოვთან შეხვედრაში, რეპეშაჟის ფინალში კი ლიტველ ეივიდას სტანკევიჩუსს ადვილად აჯობა.
გიორგი ტოტიკაშვილმა (54 კგ) ჩემპიონატი იტალიელი რუბენ მარვიცის დამარცხებით გახსნა, შემდეგ ხორვატი ანდრეი ვასილე დუდაუც ჩამოიშორა გზიდან, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, ირანელ რამინ ტაჰერისარტანგთან ვეღარას გახდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მაგრამ ბრინჯაომდე ორი ნაბიჯი დააკლდა. ყაზახ აბილაი კარიპჟანთან წაგებით მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ნიკა მამადაშვილიც (63 კგ) მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ძირითად ბადეს, მაგრამ ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მომგებმა სომეხმა, არმენ ჰაკობიანმა ფინალში ვერ გააღწია. ამ შეხვედრამდე ქართველმა მოჭიდავემ ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა: ნორვეგიელი ალექსანდერ ეიკესკოგ ბურგერი და ხორვატი ფილიპ საჩიჩი.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 42 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტი – 65 ქულა აზერბაიჯანმა დააგროვა, მეორე ადგილზე რუსეთი გავიდა, 57 ქულით, ირანელებმა 53 ქულა დააგროვეს, ხოლო სომხებმა – 52.
ოთარ მაღლაკელიძე