საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბაქოს მსოფლიოს თასზე B ჯგუფში მოხვდა, ირანთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თურქეთთან და იაპონიასთან ერთად. A ჯგუფში კი წილისყრამ მასპინძელთა გუნდი, რუსეთი, ბულგარეთი, ბელარუსი და ყაზახეთი შეჰყარა.
აზერბაიჯანული მსოფლიოს თასი 12-13 მაისს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ჩატარების შემდეგ პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე პოზიციის დამკავებლები საბოლოო მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ.
შეგახსენებთ, ზაზა თურმანიძის გუნდი ბაქოში შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ლიდერებს მოისაკლისებს. ოპტიმალურ განაცხადს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) დააკლდებიან. ქართული შვიდეული ხალიჩაზე შემდეგი შემადგენლობით გავა: გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე