ჭიდაობა

17:23 | 20.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

სასიამოვნო თვითკრიტიკა: ბევრი მედალი კარგია, მაგრამ...

საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებმა, პრაღაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეაჯამეს. შეგახსენებთ, ევროპირველობაზე ქართულმა დელეგაციამ 15 მედალი მოიპოვა. აქედან 9 (სამივე სინჯის 3-3 მედალი) ახალგაზრდა ვაჟების ანგარიშზეა, 5 – ჭაბუკების (1 ოქრო, 4 ბრინჯაო), 1 ოქრო კი გუნდს შორენა შარაძემ მოუტანა. ჟურნალისტებს საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე, ასაკობრივი გუნდების თავკაცები – ბადრი ჯანიაშვილი და ემილ რაში, აგრეთვე, სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავა შეხვდნენ.
“სპორტის სხვა სახეობებისთვის 15 მედალი ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ სამბისტებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მეტიც, კიდევ უფრო უკეთესად შეიძლებოდა გამოვსულიყავით, განსაკუთრებით ჭაბუკებში. ამ ასაკობრივ ჯგუფში შედეგიანობამ აშკარად იკლო, რაც მნიშვნელოვანწილად დაფინანსების პრობლემის ბრალია. თუ ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, სახელმწიფოსგან დაწესებული პრემიალური წახალისებები მხოლოდ უფროსთა და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს ეხებათ. იმედია, მომავალში ჭაბუკებსაც დაუფასდებათ შრომა. ეს მათთვის დამატებითი სტიმული გახდება. ჭაბუკთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა, ახალგაზრდულმა – მე-2. ამ გუნდიდან, უმედლოდ მხოლოდ ერთი სამბისტი დარჩა.
ცალკე მინდა გამოვარჩიო შორენა შარაძის ჭიდაობა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპირველობაზე გოგონა წავიყვანეთ. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ველოდი უმაღლეს შედეგს. ფინალში რუს მეტოქეს დაუპირისპირდა. ჭიდაობის დაწყებამდე ვშიშობდი, მტკივნეულ ილეთზე ტრავმა არ მიეღო, მაგრამ ისეთი ამბები დაატრიალა, ყველა გაგვაოცა. ალბათ, გახსოვთ, შარშან, თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნინო ოძელაშვილმა მოიპოვა ოქრო. ამჯერად, შარაძემ გვასახელა ევროპაზე. ასე რომ, პერსპექტივა გოგონებშიც აშკარაა და ორ-სამ გოგონას ყველა დიდ ტურნირზე წავიყვანთ ხოლმე. მადლობა ყველას, ვისაც ქართული სამბოს წარმატებებში წვლილი მიუძღვის, მათ, ვინც მხარში გვიდგას” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
გია გალდავამ სამბისტებს უხვმედლიანობა მიულოცა და სტაბილურად წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკი და ახალგაზრდა სამბისტების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი თაობა მოდის, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებს საჭირო მომენტში სათანადოდ შეცვლის. სასიამოვნოა ისიც, რომ სამბოს ფედერაცია კრიტიკულად უდგება ორივე ნაკრების გამოსვლას და უფრო მეტ შედეგს ითხოვს. არადა, უმეტესწილად, ფედერაციები მხოლოდ დადებით მომენტებზე ცდილობენ ყურადღების გამახვილებას. ახალგაზრდებს ევროპირველობაზე მიღწეული წარმატებისთვის წლის ბოლოს პრემიალური თანხა აუცილებლად ჩაერიცხებათ. ჭაბუკებზე სამწუხაროდ წლეულს ვერაფერს ვიზამთ, მომავლისთვის კი მათი საკითხის დაყენებასაც ვგეგმავთ. და ბოლოს, დღეს საქართველოში სამბოს პატივს ბევრი იმიტომ არ ცემს, რომ რუსულ სახეობად მიაჩნია. მინდა ყველას ვუთხრა, ეს არა რუსული, არამედ საბჭოთა სახეობაა. მაშინ საბჭოთა კავშირში ჩვენც ვიყავით და სამბო 70 პროცენტით ქართული ჭიდაობის ილეთებზეა აგებული. მართალია, ოლიმპიური სახეობა არაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში და ესაა მთავარი" – აღნიშნა გალდავამ და სამბისტებს წარმატებები უსურვა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფოტო
 

0.094917