ჭიდაობა

18:43 | 19.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინ მიქელთაძე: “საბერძნეთში მეხუთე ოქროსთვის ვიბრძოლებ”

23-26 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქი კალიკრატეა ვეტერან სამბისტებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების სახელით ტურნირში მხოლოდ რამდენიმე ვეტერანი ჩაერთვება, რომლებიც საბერძნეთში საკუთარი ხარჯით ჩავლენ. ერთ-ერთი მათგანი შერმადინ მიქელთაძე იქნება. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც აქტიურ სპორტში ყოფნისას ძიუდოს ჭიდაობდა, საბერძნეთში +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა.
“სამბოზე მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ გადავერთე და ვეტერანთა ტურნირებზე ჭიდაობა დავიწყე. 2006-2009 წლებში ზედიზედ 4-ჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. შარშანდელი ჩემპიონატი კი გამოვტოვე და ახლა ვეცდები, მეხუთედ მოვიგო ოქრო. ამჯერად მსოფლიოს პირველობა უკვე “გრანდ მასტერსად” იწოდება. ჩემს გარდა საბერძნეთში სავარაუდოდ თემურ გიორგაძე და ოთარ ყურაშვილი წამოვლენ. “გრანდ მასტერსი” უმნიშვნელოვანესი ტურნირია. მასში 25-მდე ქვეყნის ნაკრები იღებს მონაწილეობას. ზოგიერთ ბობოლა ნაკრებს სამი გუნდიც კი გამოყავს, რომელთაგანაც ორს სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენთან კი ქალთა ჭიდაობის მსგავსად, ვეტერანების ჭიდაობაც ნაკლებად პოპულარულია და მხოლოდ ინდივიდუალურად ვცდილობთ საერთაშორისო არენაზე გასვლას. ფინალის ჩათვლით, ოთხი შეხვედრის ჩატარებაა საჭირო და ეს აქტიურ სპორტს ჩამოცილებული ადამიანისთვის საკმაოდ დიდი დატვირთვაა. წარმატების მოსაპოვებლად სრულყოფილი მომზადებაა საჭირო. მართალია, აქტიურ სპორტში აღარ ვარ, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად ხშირად ვივარჯიშო. ბოლო ორ თვეში კი სულაც 16 კილოგრამი დავიკელი”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” შერმადინ მიქელთაძემ.
 

0.099234