ჭიდაობა

22:34 | 27.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

სკამი და სანახაობა დიღომში

დიდი ხანია, ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატში მძიმე წონაში ისეთი სანახაობრივი შეხვედრა არ ჩატარებულა, გუშინდელი ფინალი რომ იყო. 120 კილოგრამის გადამწყვეტი ბრძოლით, მთლიანად საჭიდაო დღე დაგვირგვინდა და ძიუდოს აკადემიაში მისულმა მაყურებელმა დარბაზი ამაღლებულ განწყობაზე დატოვა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, ჯერ ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი დავით მოძმანაშვილი დატოვა ფინალს მიღმა, შემდეგ კი, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, ნაკრების კიდევ ერთ მთავარ კანდიდატს, გიორგი საკანდელიძეს აჯობა. თან ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დაუტოვა.
ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორმა, შიდა კონკურენციის საჩემპიონო შეხვედრაში პირველი პერიოდი უიღბლობის გამო წააგო – ორწუთეული უქულოდ გაილია და მსაჯმა ვაზიდან საკანდელიძის ფორმის ფერი ბურთულა ამოიღო. ამ უკანასკნელმაც, ფეხში შესვლის უპირატესობა კარგად გამოიყენა.
მეორე პერიოდიდან დაიწყო და რა დაიწყო – ორივე სპორტსმენი, მძიმე წონისთვის უჩვეულოდ აქტიურად და ლამაზად აჭიდავდა. ამ პერიოდში გადამწყვეტი, პეტრიაშვილის მიერ შესრულებული ბრწყინვალე სამქულიანი ილეთი აღმოჩნდა და საბოლოოდ, 5:4 იმარჯვა. მესამე პერიოდი საკანდელიძის მძლავრი შეტევით დაიწყო. დაწინაურდა კიდეც – 1:0, მაგრამ პეტრიაშვილმა სწრაფადვე გაათანაბრა. შემდეგ კი, ილეთების კორიანტელი დაატრიალა და კიდევ ორი სამქულიანი და ერთიც ქულიანი ფანდით, ანგარიში 8:1 გახადა, რაც ავტომატურად, საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა.
მაყურებელმა ახალგაზრდა ფალავანს არნახული ოვაციები მოუწყო. გენო პეტრიაშვილის ჭიდაობის შემყურე, აღფრთოვანებას ტიტულოვანი ვეტერანები და ჭიდაობის სპეციალისტებიც ვერ მალავდნენ. ისიც ითქვა, ნეტავ ყველა წონაში ასეთი კონკურენცია გვქონდესო. მართლაც, გაზაფხულზე თბილისში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის, ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მძიმე წონაში არჩევანის გასაკეთებლად კარგად დაფიქრება მოუწევს.
აქვე, მოკლედ პეტრიაშვილისა და მოძმანაშვილის ნახევარფინალზეც ვთქვათ, რომელშიც სამივე პერიოდი უქულოდ ჩამთავრდა და ბურთულა ორჯერ ახალგაზრდა მძიმეწონოსანს დაუჯდა. ნახევარფინალამდე, მომავალმა ჩემპიონმა დავით ელკანიშვილისა და არჩილ დავითაძის ძლევაც მოასწრო. ბრინჯაოს პრიზიორები არჩილ დავითაძე და თორნიკე ხიდაშელი გახდნენ. დავითაძე რეპეშაჟის ფინალში მოძმანაშვილს უნდა დაჭიდებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრი ხალიჩაზე აღარ გამოვიდა. მძიმე წონის გუშინდელ შიდა კონკურენციას ნაკრების კანდიდატები: გიორგი ნიკურაძე, ლევან ბერიანიძე, თედორე ებანოიძე აკლდნენ.
არანაკლებ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები 66 კილოგრამში, სადაც საქართველოს შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი განმეორდა და ანალოგიური შედეგითაც დასრულდა – ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს პრიზიორმა კონსტანტინე ხაბალაშვილმა, ზურაბ იაკობაშვილი ბურთულის ფერის ორჯერ დაჯდომის წყალობით დაამარცხა. არადა, მეორე შემთხვევაში, ვაზაში დარჩენილი სამი ბურთულიდან, ორი იაკობაშვილის იყო და მაინცდამაინც, ის მესამე ამოვიდა.
გამოცდილი მოჭიდავეები კობა კაკალაძე და მალხაზ ზარქუა, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ. კაკალაძეს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა მეოთხედფინალში ხაბალაშვილმა გადაუკეტა, ზარქუას კი, ნახევარფინალში იაკობაშვილმა მოუგო.
55 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა – კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პირველ ნომრად განთესილი მოჭიდავეები ავიდნენ. უმსუბუქეს წონაში გიორგი ედიშერაშვილი გაჩემპიონდა, რომელმაც ოქროს გზაზე ამირან ცეცხლაძე, რამაზ ზოიძე, ლაშა ტალახაძე და გივი დავიდოვი ჩამოიშორა. 84 კილოგრამში კი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი, ყველა მეტოქეს, ლამის ცალი ხელით გაუსწორდა. ფინალში მან ნოდარ ეგაძეს სუფთად მოუგო. იქამდე კი, ვეფხვია ჯიჯავაძე, რევაზ ივანიშვილი, კახა თავაძე და ოთარ ურატაძე დაამარცხა.
ორდღიანი ტურნირის პირველი საჭიდაო დღე, სპორტული თვალსაზრისით, მშვენიერი სანახავი გამოდგა. არაერთი ლამაზი ბრძოლა გაიმართა და ახალმა სახეებმაც გაიბრწყინეს. ერთადერთი დიდი მინუსი საორგანიზაციო მხარე იყო. პირთამდე გადაჭედილ ტრიბუნებზე ვერმოხვედრილი ხალხი, შეხვედრებს უშუალოდ დარბაზიდან ადევნებდა თვალს და რამდენიმეჯერ, მათმა ხალიჩის განაპირას დგომამ, სიტუაციაც დაძაბა. ერთხელ, მწვრთნელის ხელთ არსებული გასაპროტესტებელი კვადრატი, ხალიჩაზე მავანმა გულშემატკივარმაც შემოაგდო. ცალკე სასაუბრო თემაა სუსტი მსაჯობა და მსაჯების გადაწყვეტილებების გაპროტესტების სიუხვე თუ მახინჯი ფორმა. გაწევ-გამოწევა და სამსაჯო მაგიდისკენ გაფრენილი მწვრთნელის სკამიც ვიხილეთ. გადაჭედილი ტრიბუნები რომ საერთო სურათს ეშხს მატებს, ეჭვგარეშეა, მაგრამ უსაშველოდ გადაჭედილ დარბაზში ტურნირის ჩატარებას, თუნდაც ცარიელ სპორტის სასახლეში გამართული ჩემპიონატი სჯობს. თუ ქალაქის მთავარი არენის დასაქირავებელი თანხის გამონახვას, კალათბურთის ფედერაცია კვირაში ორი დღე ახერხებს, ჭიდაობის ფედერაციამ, ეგებ, წელიწადში ოთხი დღის არენდისთვის საჭირო ფინანსები მაინც გამოძებნოს ხოლმე.
28 ნოემბერს მედლები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება.

თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
27 ნოემბერი


55 კგ
1 გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი)
2 გივი დავიდოვი (საჩხერე)
3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)
3 ოთარ გოგავა (ქუთაისი)

66 კგ
1 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
2 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
3 კობა კაკალაძე (აჭარა)
3 მალხაზ ზარქუა (აჭარა)

84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
2 ნოდარ ეგაძე (გორი)
3 ოთარ უროტაძე (ქუთაისი)
3 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)

120 კგ
1 გენო პეტრიაშვილი (გორი)
2 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
3 არჩილ დავითაძე (აჭარა)
3 თორნიკე ხიდაშელი (გარდაბანი)

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.127638